„კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ნაწილი ფოთის მერს შეხვდა
საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ნაწილი ფოთის მერს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გუნდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პრობლემა, რის გამოც დღეს ისინი შეიკრიბნენ, ჯერაც არ მოგვარებულა.
მათი თქმით, აუცილებელია, დროულად გამოინახოს ფინანსური სახსრები, რათა მოხდეს გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა. საუბარია 45 ათას ლარზე.
როგორც „კოლხეთი 1913“-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, აღნიშნული დავალიანების დაფარვა დღესვე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტულ-ტექნიკური კომისია აამოქმედებს სანქციას და გუნდს ექვსი ქულა დააკლდება, ეს კი გუნდისთვის სატურნირო მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას გამოიწვევს.
ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას ინფორმაციით, ჩატარებულ იქნა დროული მუშაობა ქალაქში არსებულ საწარმოებთან და არიან კომპანიები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. მისივე თქმით, უკვე დაიწყო თანხების გადმორიცხვა.
გუნდის ხელმძღვანელის ინფორმაციით კი თანხა, რომელიც ანგარიშზე ჩაირიცხა, არასაკმარისია.
„ამ დროისთვის სპონსორულ ანგარიშზე გარკვეული თანხაა შემოსული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ვალის მთლიანად დასაფარად. ფეხბურთელებთან საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რაც მათ პრემიები ერგებათ, დროებით წასულიყო იმისთვის, რომ არსებული დავალიანება დაფარულიყო, მაგრამ ეს შეთანხმება ვერ შედგა. იმედია, დღის ბოლომდე, გუნდის ხელმძღვანელობა ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, გამონახავს ალტერნატიულ გზებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფოთის „კოლხეთს“ არ დააკლდეს ექვსი ქულა. ქულების დაკლება გუნდზე ძალიან ცუდად აისახება, რადგან გუნდი მთლიანად უბრუნდება იმ ზონას, სადაც მე -2 ლიგიდან პირდაპირ გავარდნის საშიშროება არსებობს“, – განაცხადა „კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა, ზაზა ინაშვილი
ჯერ უცნობია, მოხდება თუ არა დღესვე თანხის მოგროვება და მოაგვარებს თუ არა გუნდი აღნიშნულ პრობლემას.