კობერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს - თქვენ ჩემს გემოვნებას კი ნუ ამოწმებთ, განმარტება გააკეთეთ

უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მიღწევაა, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს ახალ ამბებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ლევან კობერიძის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გიორგი გვიმრაძის მხრიდან და საჭიროა, რომ მან განმარტება გააკეთოს.

„ეს ფრაზა საერთოდ საიდან დაიბადა, ძალიან მაინტერესებს. ამაზე რომ გააკეთოთ კომენტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო თქვენი მხრიდან, თურმე აქ უმრავლესობას რაღაც არ მოსწონს საინფორმაციო გადაცემებში. საერთოდ არ უხსენებია არავის მსგავსი რამ და ეს საიდან მოიტანეთ, საიდან გააჟღერეთ? ძალიან გთხოვთ, ამაზე განმარტება გააკეთოთ. განმარტება გააკეთეთ თქვენს მოსაზრებაზე”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

გიორგი გვიმრაძემ ლევან კობერიძეს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, თავად მოსწონს თუ არა, როგორ აშუქებს მაუწყებელი ახალ ამბებს.

„თქვენ ჩემს გემოვნებას კი ნუ ამოწმებთ… რაც თქვენ გააკეთეთ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, უმრავლესობის დეპუტატები, ფაქტობრივად, დაადანაშაულეთ იმაში, რომ რაღაც არ მოგვწონს თურმე და თურმე მიგიღწევიათ მიზნისთვის. დააკონკრეტეთ თქვენი გამონათქვამი”, – განაცხადა კობერიძემ.

გვიმრაძის განცხადებით, მისი მიზანი ვინმეს დადანაშაულება კი არ ყოფილა, არამედ ქვეყნის მიღწევად თვლის, თუ საპარლამენტო უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს ახალ ამბებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

“არავინ არაფერში არ დამიდანაშაულებია. მე ვთქვი, რომ ქვეყნის მიღწევა მგონია, თუ უმრავლესობას არ მოსწონს, როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ ამბებს. ჩემი აზრით, ეს მიღწევაა”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ.

კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.
 
ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.
 
ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება.
 
საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.