საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორ გიორგი გვიმრაძისთვის მიკროფონი გამოერთოთ და მისთვის საუბრის დასრულების საშუალება არ მიეცათ.
კომიტეტის სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ, სადაც გიორგი გვიმრაძე მაუწყებლის ფუნქციასა და მნიშვნელობაზე საუბრობდა.
“რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებლის ფუნქციას, მაუწყებელი იქმნება სამი ფუნქციით – ინფორმირება, გართობა და შემეცნება. სხვა ფუნქციის საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერსად ნახავთ. ამ სამი ფუნქციის შესასრულებლად იქმნება ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მხოლოდ ინფორმირების ფუნქცია აქვთ, მაშინ ნაკლოვან საზოგადოებრივ მაუწყებელს მივიღებთ, რადგან მისი ვალდებულება არ არის მდარე ხარისხის გართობა და შემეცნების სხვა ფორმების შემოტანა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემეცნების ის ფორმები უნდა შემოიტანოს, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება საკითხის მიმართ ინტერესი გააღვივოს და არა ასწავლოს, ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იზამს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა, ვერც ერთი მაუწყებელი ვერ იზამს იმას, რომ ადამიანები გაანათლოს, ის ამ ფუნქციით არ იქმნება, ის იქმნება ფუნქციით, რომ აღძრას ინტერესი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გვიმრაძემ.
დავით ჭიჭინაძემ მიკროფონის გამორთვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც გიორგი გვიმრაძემ განაცხადა: „თუ თქვენ არ მოგწონთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული ინფორმაცია, მე გარკვეული თვალსაზრისით ჩავთვლი, რომ ჩვენ წინ ნაბიჯი გადაგვიდგამს, რადგან იყო დრო, როდესაც უმრავლესობა თვითონ უკვეთავდა, რა უნდა გაეშუქებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს. შესაბამისად, დღეს თუ ჩვენ მივიღეთ, რომ უმრავლესობას არ მოსწონს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული ახალი ამბავი… თუ შეიძლება, დამასრულებინეთ…”
დავით ჭიჭინაძემ ამ განცხადების შემდეგ გიორგი გვიმრაძისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.
“ეს ახლა სხვა რაღაცას ემსგავსება, მორალის კითხვას ემსგავსება, რა დავასრულებინოთ, აქ ის კი არ არის, ვისაც რა მოადგება პირზე, ის ილაპარაკოს. თურმე მე მდებენ ბრალს რომ არ ვლაპარაკობ და მაშინ შევასრულოთ და აღარ ვალაპარაკოთ “, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მსჯელობენ.