კობა ხაბაზი - 20 ივნისს როგორც მოიქცა ხელისუფლება, დიდხანს დარჩება საქართველოსთვის ყველაზე დიდ სირცხვილის ლაქად
ქართველი ხალხი ოკუპაციას ვერ შეეგუება ვერასდროს, ვერასდროს ვერ შეეგუება ოკუპანტების თარეშს საქართველოში, ვერასდროს ვერ შეეგუება ოკუპანტების აღზევებას. ის, რაც მოხდა, იყო სრულიად ბუნებრივი პროტესტი. როგორ მოიქცა ხელისუფლება ამის შემდეგ, ყველამ ვნახეთ. ეს დიდხანს დარჩება, როგორც ყველაზე დიდი სირცხვილის ლაქა საქართველოსთვის, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, კობა ხაბაზმა პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე სახელწოდებით „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია საზოგადოებისთვის არის გასული წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გახსენება.
„ერთი წელი არ არის ის დრო, რომელმაც შეიძლება ადამიანს რაღაც მიავიწყოს. ორი წელიც გავა, ხუთი წელიც გავა და ეს დღე ემახსოვრება ყველას, ემახსოვრება არა მხოლოდ იმიტომ, ამ დღეს ქართული ხელისუფლება მოიქცა, როგორც ჯალათი, ესროლა ტყვიები, დათხარა ხალხს თვალები, საშინელება ჩაიდინა, ეს დღე ემახსოვრება ხალხს, რადგან ეს იყო კოლაბორაციონიზმის მწვერვალი საქართველოში. წინა დღეს გავრილოვი ჩამოიყვანეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართეს ტაშ-ფანდური, მიღება, ალა-ფურშეტი, საზეიმო დახვედრა. მეორე დღეს მოიყვანეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვეს, ამან ბუნებრივია გამოიწვია ახალგაზრდობის აღშფოთება, გამოიწვია ადამიანების აღშფოთება. ქართველი ხალხი ოკუპაციას ვერ შეეგუება ვერასდროს, ვერასდროს ვერ შეეგუება ოკუპანტების თარეშს საქართველოში, ვერასდროს ვერ შეეგუება ოკუპანტების აღზევებას. ის, რაც მოხდა, იყო სრულიად ბუნებრივი პროტესტი. როგორც მოიქცა ხელისუფლება ამის შემდეგ, ყველამ ვნახეთ. ეს დიდხანს დარჩება, როგორც ყველაზე დიდი სირცხვილის ლაქა საქართველოსთვის. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების სირცხვილი, ეს არის საქართველოს მორჩილების გამოხატვა დათვის მიმართ. მაგრამ რომ ვუყურებ ამ თაობას, უკვე ვხედავ, რომ ეს დასრულებულია. რაღაც გარკვეული დრო დასჭირდება კიდევ ამას, მაგრამ ძალიან მალე ის საქართველოსგან ფეხს ამოიკვეთს. საქართველო ამ თაობის ხელში, ახალგაზრდობის ხელში იქნება ღირსეული, თავისუფალი და წარჩინებული, ძლიერი ქვეყანა“, – განაცხადა კობა ხაბაზმა.