კობა გვენეტაძე - ბიზნესის მოდელი უნდა იყოს აწყობილი ისე, რომ ქვეყანაში ფიზიკური პირების ჭარბვალიანობის ზრდა არ გამოიწვიონ
კობა გვენეტაძე - ბიზნესის მოდელი უნდა იყოს აწყობილი ისე, რომ ქვეყანაში ფიზიკური პირების ჭარბვალიანობის ზრდა არ გამოიწვიონ

ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები ეროვნულმა ბანკმა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემოიღო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა ცალსახად დადებითად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

„ეს არის ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შემოიღო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამ რეგულაციების მიზანი იყო, სესხი გაცემულიყო იმ მსესხებლებზე, რომლებიც არიან გადახდისუნარიანები. მოგეხსენებათ, აღნიშნული მიდგომა ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, უფრო მეტიც, ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სარეიტინგო სააგენტოებმა გააუმჯობესეს საქართველოს სარეიტინგო პროგნოზები“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციები უშუალოდ ბიზნესსესხებს არ ეხება, ეს მხოლოდ ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტებაზე ვრცელდება.

„ჩვენ ბევრი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა ასოციაციასთან. ამ შემთხვევაში, ბიზნესებმა უნდა მართონ სიტუაცია ისე და მათი მოდელი უნდა იყოს აწყობილი ისე, რომ არ გამოიწვიონ ქვეყანაში ფიზიკური პირების ჭარბვალიანობის ზრდა, ან კიდევ არ შეუქმნან მოწყვლადობა მსესხებლებს იმ შემთხვევაში, თუ მოხდა სხვადასხვა სახის შოკი. ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა, ემსახურება ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას და ასევე გაგრძელებას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ფინანსური სტაბილურობა ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მანდატიცაა.

„ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ სესხების ძალიან მაღალი ზრდა არის ძალიან კარგი ეკონომიკისთვის, მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ თუ ეს ზრდა არ არის მდგრადი, აუცილებლად გამოიწვევს პრობლემებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. ზუსტად ეს არის ეროვნული ბანკის როლი, რომ როდესაც შეინიშნება რისკები, მიიღოს ზომების დღეს, მოკლევადიან პერიოდში, რომელიც ამ რისკებისგან დაგვიცავს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში“, – აცხადებს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ერთ-ერთი რისკი იყო სამომხმარებლო სესხების ზრდა, ასევე დოლარიზაცია.

„ორივე მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა გადადგა აბსოლუტურად მართებული და ჯანსაღი ნაბიჯები“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.