კობა გვენეტაძე - საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება
კობა გვენეტაძე - საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვის პასუხად, თუ რა ფაქტორები მოქმედებს ლარის გამყარებაზე.

მისივე თქმით, დღეს განსხვავებული ვითარებაა, რადგან მოხდა ექსპორტისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენა, იყო გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი, გაუმჯობესდა ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც გამოიწვია ეროვნული ვალუტის გამყარება.

„ლარის გამყარებას ან გაუფასურებას ბევრ ფაქტორს მიაწერდნენ ხოლმე. მაგალითად იმას, რომ ლარის მასა გაიზარდა ან ეროვნულმა ბანკმა შესყიდვები გააკეთა. მაშინაც ვამბობდით, რომ ეს არარელევანტურია, რადგან საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ კურსის ცვლილება ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილების შესაბამისად ხდება. მაგალითად, 2019 წელს, როდესაც ნომინალური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, ამის მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან ფრენების აკრძალვა იყო, რაც, დიდი ალბათობით, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირებას ნიშნავდა. ამავე პერიოდში სავაჭრო ემბარგოს რისკიც არსებობდა. ამიტომ მოლოდინი გაჩნდა, რომ სავალუტო შემოდინება შემცირდებოდა და აქედან გამომდინარე, კურსი გაუფასურდა. იგივე მდგომარეობა იყო პანდემიის პერიოდში, როდესაც მობილობა და ტურიზმი გაჩერდა. ამასაც გაუფასურება მოჰყვა. დღეს განსხვავებული ვითარება გვაქვს. მოხდა ექსპორტისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენა, მიგრანტების შემოსვლა, იყო გადმორიცხვების რეკორდული მაჩვენებელი, გაუმჯობესდა ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია“, – განმარტა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში მოქმედებს მცურავი კურსი და ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის პირობებში კურსის შენარჩუნების კონკრეტული დონის დაჭერა ან რაღაც ნიშნულზე შეჩერება არ შეუძლია.

„ისმის შეკითხვა – რატომ ვახორციელებთ სავალუტო ინტერვენციებს, რაც ადეკვატურია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, მოხდეს ე.წ. არაორდინარული ბაზრის ჩავარდნა და სავალუტო ბაზარმა არ იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სავალუტო ბაზარს დროდადრო ვაწვდით ვალუტას. 2020 წელს 916 მლნ გავყიდეთ, თუმცა ეს არასდროს ცვლის იმ კურსს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. მცურავი გაცვლითი კურსი საუკეთესო საშუალებაა მცირე ეკონომიკის ქვეყნისთვის, რათა არსებული შოკები შთანთქას. აქამდე თუ ნეგატიურ შოკებზე ვსაუბრობდით, ახლა პოზიტიურ შოკებზე ვსაუბრობთ. ამან საშუალება მოგვცა, სავალუტო რეზერვები შეგვესყიდა, გაგვეძლიერებინა, რაც Fitch-ის ბოლო შეფასებაშიც აისახა, როცა პერსპექტივა პოზიტიურისკენ შეიცვალა. შესაბამისად, ეს ის ფუნდამენტური ფაქტორებია, რომლებიც კურსის ცვლილებაზე მოქმედებს“, – თქვა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური ბანკი თუ მოკლე ვადაში რყევებს შეზღუდავს, გრძელ ვადაში ძალიან დიდ გაუფასურებას მივიღებთ.

„მოკლევადიან პერიოდში თუ კურსს მოძრაობის საშუალებას ვაძლევთ, მაშინ გრძელვადიან პერიოდში იმაზე უკეთესი ვითარება გვექნება, ვიდრე გვექნებოდა სხვა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი არ იცავს რომელიღაც გაცვლით კურსს და საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმია“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.