კობა გვენეტაძე - დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ უმჯობესია, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის გაცემის ვადასთან დაკავშირებით შეზღუდვა ძალაში დარჩეს
კობა გვენეტაძე - დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ უმჯობესია, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის გაცემის ვადასთან დაკავშირებით შეზღუდვა ძალაში დარჩეს

არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის ვადის შემცირების მიზანი იყო, შემცირებულიყო სამომხმარებლო სესხების პორტფელის ზრდის ტემპი. ასეც მოხდა, რაც ინფლაციასაც დაეხმარება შემცირებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, ეს შეზღუდვა ერთი წლით მოხდა.

„რაც შეეხება საკითხს, ეს გადაწყვეტილება დარჩება თუ არა ძალაში, გაიზრდება არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის გაცემის ვადა კვლავ ოთხ წლამდე. გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც მოახლოვდება დასრულების პერიოდი. დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ სჯობს ეს შეზღუდვა დარჩეს, მაგრამ ისევ და ისევ, ამის გაანალიზება უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის მიერ ზუსტად მაშინ, როდესაც მოახლოვდება ვადის გასვლის პერიოდი. გადაწყვეტილებაც ამ დროს უნდა მიიღოს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რომელიც ოთხი წლით იყო განსაზღვრული, სამ წლამდე შეამცირა.

ცვლილება შეეხო ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს. აღნიშნული გადაწყვეტილება 2022 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, 2023 წლის 15 აგვისტომდე ძალაში დარჩება.