კობა გვენეტაძე - ახალი რეგულაციების ამოქმედება ჩრდილოვანი ბაზრის გააქტიურების რისკს არ შეიცავს
კობა გვენეტაძე - ახალი რეგულაციების ამოქმედება ჩრდილოვანი ბაზრის გააქტიურების რისკს არ შეიცავს

გადაწყვეტილებები, რომელსაც ეროვნული ბანკი იღებს, საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, კომერციული ბანკებისთვის შემოღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეგულაციები ჩრდილოვანი ბაზრის გააქტიურების რისკს არ შეიცავს.

„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, საერთაშორისო პრაქტიკაზეა დაფუძნებული. ე.წ შავი, ჩრდილოვანი ბაზარი ყოველთვის იყო და ახლაც არის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ არის დიდი რისკი და სესხები შავ ბაზარზე გადაინაცვლებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სწორედ 2500 ლარამდე ოდენობის პრობლემური სესხებია გაცემული დაბალგადხდისუნარიან მოქალაქეებზე.

„ძირითადი პრობლემური სესხები 2500 ლარამდე არის გაცემული დაბალგადახდისუნარიანობის მოქალაქეებზე, შემოსავლების გარეშე“, – განაცხადა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ რეგულაციები ფინანსური სტაბილურობის მხრივ არანაირ პრობლემას არ ქმნის.

საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებისა და სამომავლოდ მისი პრევენციის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციები შემოიღო, რომლის თანახმად კომერციულ ბანკებს მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში.

ამასთან, უკვე მომზადებულია სამუშაო დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია კონკრეტულ საქმიანობათა ჩამონათვალი და ამ სფეროში დასაქმებულთათვის სესხის გაცემისას პირობები. სამუშაო დოკუმენტში აღწერილია, როგორ უნდა განხორციელდეს გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა შემოსავლები არ დასტურდება, ასევე განსაზღვრულია სესხის მაქსიმალური მოცულობა.