გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დავალიანების განულების ინიციატივა არარეალური, ცრუ დაპირებაა 
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დავალიანების განულების ინიციატივა არარეალური, ცრუ დაპირებაა 

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ დავალიანების განულებაზე მთავრობის მიერ გაცემული დაპირება არარეალურია.

აღნიშნულ საკითხზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ვიდეოები და „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წლის არჩევნებამდე გაცემული დაპირებები წარადგინა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი დაპირება გასცა, თუმცა არ შეუსრულებია. ვაშაძის თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია კომუნალური გადასახადების გაიაფების დაპირება, რაც პირიქით, გაიზარდა.

„გაზის გაიაფებას სამჯერ გვპირდებოდნენ. საწვავზე ფასი რეკორდულად მაღალია. დაპირებული ასობით ქარხნიდან არც ერთი აშენებული არ არის, გვპირდებოდნენ კეთილდღეობას და ლარის ინფლაციიდან გამომდინარე, კატასტროფული მდგომარეობაა, ყოველდღიურად უფრო უჭირთ ადამიანებს. გვპირდებოდნენ, ნულოვან კრედიტებს და პირიქით, მთელი ქვეყანა არის ვალებში და არანაირი კრედიტები არ გაიაფებულა. გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და ჰგონიათ, ამით შეეცდებიან არჩევნების ბედის შეცვლას“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს არის სიცრუე, რომელზეც მოქალაქეები არ წამოეგებიან.

„ეს წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია. მეორეც იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ გაიგო ვისზე ვრცელდება და მესამე, ეს ხდება არჩევნების შემდეგ, ანუ სურთ, ჯერ ხმა მიიღონ და მერე ვითომ რაღაცას გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ სხვა რამეს ვგულისხმობდით. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსეოებმა უარი გვითხრეს, ათას ტყუილს და სისულელეს მოიგონებენ, რომ ყველაფერი გაამართლონ. მათ ერთადერთი რამ სურთ, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, კრედიტების დაგროვებისა და გადახდისუუნარობის მიმართულებით პრობლემები 2012 წლის შემდეგ შეიქმნა და ამის ძირითადი მიზეზი არასწორი რეფორმები და ლარის კურსის ვარდნა იყო.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს ამ უზარმაზარ კრიზისს. ჩვენ ამაზე დეტალური კვლევა გვაქვს გაკეთებული. პირველი – 2012-2014 წლებში აბსოლუტურად გაუაზრებელი ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც ვაკრიტიკებდით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაიტანა, ასევე რეგულაციებთან, დაუბეგრავ მინიმუმთან და ა.შ.“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს ყოველივე 2014 წლიდან ეკონომიკაზე აისახა, გაუფასურდა ლარი და მოქალაქეებს დაუგროვდათ ვალები.

„2014-2016 წლებში ისინი ბანკებს მიმართავდნენ, მაგრამ შემდეგ ბანკებიც აღარ აძლევდნენ თანხას და 2017 წელს 607 ათასმა ადამიანმა მიმართა უკვე ლომბარდებს, ჩადეს სახლი, მანქანა ან ოქროული. ამ თანხასაც დაარტყა ლარის კურსმა. ქვეყანაში ინვესტიციები არ იმატებს და ამ კუთხით 10 წლის წინანდელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია. ამ ყველაფერმა მთელი ქვეყნის სრული გაბანკროტება გამოიწვია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.