ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი, ძიძა, პროფილაქტიკის ხელოსანი, დალაქი - სამუშაო დოკუმენტი, თუ როგორ გასცემს ბანკი მათზე სესხებს
ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი, ძიძა, პროფილაქტიკის ხელოსანი, დალაქი - სამუშაო დოკუმენტი, თუ როგორ გასცემს ბანკი მათზე სესხებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომელიც 7 მაისიდან ამოქმედდება, კომერციული ბანკებისთვის მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემას ზღუდავს.

უკვე მომზადებულია დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია კონკრეტულ საქმიანობათა ჩამონათვალი და ამ სფეროში დასაქმებულთათვის სესხის გაცემისას პირობები. დოკუმენტი ჯერ სამუშაო ხასიათისაა.

სამუშაო დოკუმენტში აღწერილია, როგორ უნდა განხორციელდეს  გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა შემოსავლები არ დასტურდება, ასევე განსაზღვრულია სესხის მაქსიმალური მოცულობა.

აღნიშნული ტიპის საქმიანობის ჩამონათვალში შედის ტაქსის მძღოლის საქმიანობა; ძიძა; რეპეტიტორი; პროფილაქტიკის ხელოსანი; დალაქი/სალონის ხელოსანი. ამასთან, სრულფასოვანი ანალიზი უნდა განხორციელდეს ფულადი გზავნილების საფუძველზე სესხის გაცემისას.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, ტაქსის მძღოლის, რეპეტიტორისა და პროფილაქტიკის ხელოსნის შემთხვევაში, სესხის მოცულობა სასურველია არ აჭარბებდეს 6 000 ლარს; დალაქი/სალონის ხელოსანზე გასაცემი სესხის მოცულობა – 3 500 ლარს, ძიძის შემთხვევაში – 2 000 ლარს, ასევე მაქსიმუმ 2 000 ლარის სესხი შეიძლება გაიცეს გზავნილების საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევებში კი, მიზეზები, რის გამოც სესხი დასახელებულ ოდენობას აჭარბებს, დეტალურად უნდა იყოს აღწერილი და შეძლებისდაგვარად დოკუმენტირებული.

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, მაგალითად ტაქსის მძღოლის შემთხვევაში, გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაკეთდეს: მძღოლი და მანქანა უნდა იყოს რეგისტრირებული/ლიცენზირებული;  ავტომობილი უნდა იყოს მძღოლის სახელზე მინიმუმ ბოლო ექვსი თვის მანძილზე; გათვალისწინებულ უნდა იყოს ავტომობილის ასაკი და ფიზიკური მდგომარეობა,  რამდენად შეესაბამება მანქანის მდგომარეობა სარეგისტრაციო, სალიცენზიო მოთხოვნებს, როგორც მიმდინარე ეტაპზე, ასევე სესხის ვადის განმავლობაში;  მძღოლი უნდა გადამოწმდეს სხვადასხვა მარშრუტებზე ტარიფების კუთხით – ტარიფები უნდა შედარდეს არსებულ საშუალო მაჩვენებლებთან; ასევე, ანალიზისას გამოიკითხოს მსესხებლის ოჯახური მდგომარეობა და სხვა შესაბამისი საკითხები; საქმეს უნდა დაერთოს მანქანის და ტექნიკური პასპორტის ფოტოები.

რეპეტიტორის – კერძო პრაქტიკით დაკავებული მასწავლებლების შემთხვევაში კი, გადამხდელუნარიანობის ანალიზისას უნდა განხორციელდეს რეპეტიტორის ადგილზე ინსპექტირება, ყურადღება გამახვილდეს სამუშაო გარემოზე, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას; დეტალურად გაანალიზდეს რეპეტიტორის ჩანაწერები,  სადაც მოცემულია მოსწავლეების/სტუდენტების სია, მათი განრიგი, ტარიფები და სხვა რელევანტური მახასიათებლები, ტარიფები კი, შესაბამისი დისციპლინის სწავლების საშუალო მაჩვენებლებთან უნდა შედარდეს, ასევე, ტარიფები უნდა გადამოწმდეს რამდენიმე მოსწავლის/სტუდენტის მშობელთან;  საქმეს უნდა დაერთოს რეპეტიტორის ჩანაწერები; ობიექტის ფოტოები.

რაც შეეხება ძიძას, სესხის გაცემისას ბანკმა მისი გადამხედლუნარიანობის შეფასებისას უნდა განახორციელოს ძიძის სამუშაო ადგილზე ინსპექტირება;  გამოკითხოს ძიძის დამსაქმებელი, მათ შორის ანაზღაურების შესახებ.

პროფილაქტიკის ხელოსნის გადამხდელუნარიანობის  ანალიზისთვის საჭიროა ინსპექტირება მის სამუშაო ადგილზე, სამუშაო გარემოზე ყურადღების გამახვილებით;  გადამოწმება სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით, ტარიფის შედარება  საშუალო მაჩვენებლებთან;  უნდა გამოიკითხოს ობიექტის მეპატრონე /დირექტორი მათ შორის ხელოსნის ანაზღაურების საკითხზე;  საქმეს უნდა დაერთოს ხელოსნის ჩანაწერები (არსებობის შემთხვევაში), ასევე ობიექტის ფოტოები.

დალაქი/სალონის ხელოსანზე სესხის გაცემაზე გადაწყვეტილებისას მიღებისას უნდა განხორციელდეს სამუშაო ადგილზე ინსპექტირება, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამუშაო გარემოზე, რამდენად შეესაბამება ის რეალობას; დალაქი უნდა გადამოწმდეს სხვადასხვა სერვისზე ტარიფების კუთხით, ტარიფები საშუალო მაჩვენებლებთან შედარდეს. ამასთან, გამოიკითხოს ობიექტის მეპატრონე/დირექტორი, მათ შორის დალაქის ანაზღაურების თაობაზე. საქმეს უნდა დაერთოს დალაქის ჩანაწერები (არსებობის შემთხვევაში) და ობიექტის ფოტოები.

გზავნილები კი, შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მხოლოდ არაუზრუნველყოფლი სამომხმარებლო სესხებისთვის; ასეთ შემთხვევაში, გზავნილები უნდა ირიცხებოდეს ბოლო ექვსი თვის მანძილზე სტაბილურად;  იგზავნებოდეს მსესხებლის სახელზე;  გზავნილის გამომგზავნი და მიმღები უნდა იყვნენ ოჯახის წევრები, უნდა გადამოწმდეს მიმღებსა და გამომგზავნს შორის არსებული კავშირი.

კომერციულ ბანკებს მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. შესაბამისი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით,  „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში” შევიდა.