მერაბ ჯანიაშვილი - დავალიანების განულების ინიციატივით, 600 ათასი მოქალაქე ეკონომიკურად კვლავ აქტიური გახდება
მერაბ ჯანიაშვილი - დავალიანების განულების ინიციატივით, 600 ათასი მოქალაქე ეკონომიკურად კვლავ აქტიური გახდება

მთავრობის ინიციატივით, რომელიც დავალიანების განულებას გულისხმობს, 600 ათასი მოქალაქე ეკონომიკურად კვლავ აქტიური გახდება, მათ სესხები არამხოლოდ გაუნულდებათ, არამედ ნეგატიური საკრედიტო ისტორიაც გამოუსწორდებათ, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის, ე.წ. შავ სიაში 700 ათასზე მეტი მოქალაქეა.

„ეს შეეხება 600 ათას ადამიანს ანუ თითქმის 75-80 პროცენტი ე.წ. შავი სიიდან თავს დააღწევს. ამ ადამიანებს მარტო სესხები კი არ გაუნულდებათ, არამედ მათი უარყოფითი საკრედიტო ისტორიაც გათეთრდება. შესაბამისად, თუ აქამდე მაგალითად ბანკში სესხის აღება უჭირდათ, საკრედიტო ინსტიტუტში დეპოზიტს ვერ დებდნენ და ანგარიშს ვერ ხსნიდნენ, რადგან დაუყადაღდებოდათ ან ჩამოერთმეოდათ და ამიტომ იყვნენ ჩრდილოვან სექტორში გადასული, ამის შემდეგ ხელ-ფეხი გაეხსნებათ, რომ გახდნენ ისევ ეკონომიკურად აქტიური. ამ ადამიანების დაბრუნება ლეგალურ ეკონომიკაში გამოიწვევს მათი მხრიდან მოთხოვნის ზრდას, ეს იქნება ტექნიკაზე თუ სხვა სახის პროდუქტებზე“, – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციები, რომელიც მომავალი წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, უპასუხისმგებლო დაკრედიტების შეზღუდვას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მოქალაქეები ვერ აიღებენ ისეთ სესხებს, რომლის მომსახურებასაც ვეღარ შეძლებენ და შესაბამისად, არ მოხვდებიან ე.წ. შავ სიებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.