კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ - მმართველი გუნდის სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უგულვებელყოფს მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ პრობლემებს
კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრესკონფერენცია გამართა, რომლითაც მმართველი გუნდის მიერ სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეხმიანება.
როგორც კოალიციის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, შემოთავაზებული რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უგულვებელყოფს სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს. მათი თქმით, ფასადური რეფორმა საკმარისი ვერ იქნება მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ამით კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეექმნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
„სასამართლოს რეფორმის ახალი სტრატეგია ისე იწერება, რომ ამ დრომდე არ არსებობს სასამართლოში არსებული გამოწვევების ერთიანი სურათი. შესაბამისად, გაუგებარია შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზნები; დოკუმენტში მოცემული ხედვა სრულად უგულვებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმთავრეს პრობლემებს: ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს სისტემაში; დოკუმენტი შერჩევითად და ფრაგმენტულად გვთავაზობს საკითხებს, რომელსაც უნდა შეეხოს რეფორმა; დოკუმენტში შერჩევითად არის მოხმობილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასებები და იგნორირებულია ის მზარდი კრიტიკა, რომელიც ბოლო წლებში სასამართლოს მიმართულებით ჟღერდებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, – ნათქვამია კოლიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლების განცხადებაში.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმას ეხება. ამ მიზნით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლოში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე და ამ მიზნით, რეფორმების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობს.