კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შიმშილი პოლარულ დათვებს გადაშენებას უქადის — ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება, რომელიც პროგნოზირებს, რომ ამ ხორცისმჭამელთა გადაშენებას შეიძლება, ახლანდელი თაობაც მოვესწროთ.
ზოგიერთ რეგიონში ისინი უკვე დაღმასვლას განიცდიან, რადგან ზღვის ყინულის დნობა ამცირებს სელაპებზე მათი ნადირობის დროს. გამხდარ, მცირეწონიან დათვებს კი არქტიკულ ზამთარში საკვების გარეშე გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა აქვთ.
„დათვები უფრო ხანგრძლივი შიმშილობის წინაშე დგანან, რადგან უნდა დაელოდონ, როდის გაიყინება წყალი, რათა ნადირობა კვლავ შეძლონ“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი სტივენ ამსტრაპი.
კვლევის მიხედვით, ამჟამინდელი ტენდენციით, პოლარული დათვების (Ursus maritimus) 13 ქვეპოპულაციიდან შესწავლილი 12 ქვეპოპულაცია მომდევნო 80 წლის განმავლობაში განადგურდება, რისი მიზეზიც არქტიკაში მიმდინარე ცვლილებებია — ცნობილია, რომ ეს რეგიონი მთლიანად პლანეტასთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად დნება.
მონაცემთა სიმწირის გამო, უცნობია ექვსი სხვა ქვეპოპულაციის ბედი.
„2100 წლისთვის, ნაშიერების გაჩენა მკაცრად შეზღუდული ან თითქმის შეუძლებელი იქნება ყველგან, გარდა კანადის ერთ-ერთი არქტიკული არქიპელაგის, დედოფალ ელისაბედის კუნძულების ქვეპოპულაციისა“, — ამბობს ამსტრაპი.
ასეთი სცენარი განვითარდება იმ შემთხვევაში, თუ დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა 3,3 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს ინდუსტრიამდელ ნიშნულთან შედარებით.
ერთი გრადუსით მომატებამ უკვე გამოიწვია სიცხის ტალღები, გვალვები, სუპერშტორმები და ზღვის დონის მატება.
თუმცა, თუკი კაცობრიობა შეძლებს, რომ არ დაუშვას ტემპერატურის მატება 2,4 გრადუსზე მეტით (პარიზის შემთანხმების სამიზნე ნიშნულზე ნახევარი გრადუსით მეტი), პოლარული დათვების კოლაფსი ალბათ მხოლოდ დროში გადაიწევს.
როგორც ამსტრაპი აღნიშნავს, პოლარული დათვები ევოლუციური ისტორიის ბოლო ერთი მილიონი წლის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩენილან.
მთავარი საფრთხე არის არა თავად ტემპერატურის მატება, არამედ კვების ჯაჭვის სათავეში მდგარი ამ მტაცებლების უუნარობა, რომ შეეგუონ სწრაფად ცვალებად გარემოს.
ამსტრაპის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ პოლარული დათვების საცხოვრებელი გარემო დნება და თუ როგორღაც მოხერხდა, რომ ზღვის ყინული არ გადნეს, ისინი გადარჩებიან.
ამჟამად, დედამიწის ხმელეთის მეგაფაუნის ნახევარი გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფად არის კლასიფიცირებული, მაგრამ მხოლოდ პოლარული დათვები იმყოფებიან საფრთხის ქვეშ პირდაპირ კლიმატის ცვლილების გამო.
კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს სტატუსი მხოლოდ მათთვის უნიკალურად დიდხანს შეიძლება ვერ დარჩეს და სულ მალე ვიხილოთ, როგორ საფრთხეს შეუქმნის კლიმატი სხვა ცხოველებსაც.
მთელ მსოფლიოში, ველურ ბუნებაში ამჟამად დაახლოებით 25 000 პოლარული დათვია დარჩენილი.
მათი გადარჩენა უკვე დიდი ხანია გამოწვევად იქცა, მაგრამ ახალი კვლევა, რომელიც სტივენ ამსტრაპის პიონერულ მოღვაწეობას ეფუძნება, პირველია, რომელიც მათი გაქრობის თარიღს მიუთითებს.
ახალი მიდგომა ფარავს ორი სახის მონაცემებს. ერთი მათგანია შიმშილის გახანგრძლივებული პერიოდი, რომელიც რეგიონების მიხედვით იცვლება და ნახევარ წელიწადს ან მეტხანს გრძელდება.
მეორე გახლავთ კლიმატის ცვლილების ორი პროექცია, რომელიც სწავლობს ზღვის ყინულის შემცირებას საუკუნის ბოლომდე, გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ სცენარებზე დაყრდნობით.
„იმის შეფასებით, რამდენად გამხდარი და რამდენად მსუქანი შეიძლება იყოს პოლარული დათვი, ასევე მათი ენერგომოხმარების მოდელირებით, გამოვთვალეთ იმ დღეების რაოდენობის ზღვარი, რამდენ ხანსაც პოლარულ დათვებს შეუძლიათ შიმშილი იქამდე, ვიდრე ნაშიერებისა და ზრდასრულების გადარჩენის მაჩვენებლები დაცემას დაიწყებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ მოლნარი.
მაგალითად, მამრ დათვს დასავლეთ ჰუდზონის ყურის პოპულაციიდან, რომლის წონაც ნორმალურზე 20 პროცენტით ნაკლებია შიმშილობის დაწყებისას, შენახული ენერგია 200 დღის მაგივრად 125 დღის განმავლობაში ეყოფა გადასარჩენად.
კვლევის მიხედვით, კიდევ უფრო დაუცველები არიან ახალშობილი ნაშიერები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედებს საკმარისი წონა არ აქვთ ძუძუთი კვებისათვის.
ამავე დროს, დედას, რომელსაც ნაშიერები არ ჰყავს, საკვების გარეშე გადარჩენა უფრო დიდხანს შეუძლია.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში პოლარული დათვების სტატუსი „მოწყვლადია“, ანუ ნაკლებად უფრო მკაცრი, ვიდრე „საფრთხის ქვეშ მყოფი“ ან „კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი, რაც კვლევის ავტორთა აზრით, სათანადოდ ვერ ასახავს ამ დათვების მდგომარეობას.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ეს კატეგორიები ძირითადად ეფუძნება ისეთ საფრთხეებს, როგორებიცაა ბრაკონიერობა და საცხოვრებელი გარემოს შელახვა, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია ლოკალურად, ადგილზე ქმედებით.
„თუმცა, შეუძლებელია ღობის შემოვლებით ზღვის ყინული დნობისგან დაიცვა“, — ამბობს სტივენ ამსტრაპი.
პოლარული დათვების მომავლის ასეთი საზარელი პროგნოზები მკვლევრებს ალტერნატიული გზების ძიებას აიძულებს, მაგალითად, ტყვეობაში გამრავლების პროგრამებს ან მათ ანტარქტიდაზე გადაყვანას, რადგან „გეგმა B“ უბრალოდ არ არსებობს.
„გადარჩენის ერთადერთი გზაა მათი გარემოს დაცვა, ამისათვის კი საჭიროა გლობალური დათბობის შეჩერება“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.