გლობალური დათბობა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს — ამის შესახებ 200-ზე მეტი სამედიცინო ჟურნალი უპრეცედენტო, ერთობლივ განცხადებაში გვაფრთხილებს, რომელიც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, რომ შეაჩერონ სათბური აირების გამოყოფა, რათა თავიდან ავიცილოთ „ჯანმრთელობის კატასტროფული ზიანი, რომლის უკუქცევაც შეუძლებელი იქნება“.
სარედაქციო წერილი, რომელიც ისეთ წამყვან ჟურნალებში გამოქვეყნდა, როგორებიც არის The Lancet, The New England Journal of Medicine და The British Medical Journal-ი, აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილების საკითხის მოსაგვარებლად, მსოფლიომ არ უნდა დაუცადოს COVID-19-ის პანდემიის ჩავლას.
„ტემპერატურის მატება უსაფრთხო არ არის. გასული 20 წლის განმავლობაში, დათბობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა“, — წერია სარედაქციო წერილში.
მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს უკვე უტევს. გასულ კვირაში, ქარიშხალ „იდას“ მიერ გამოწვეულმა წყალდიდობამ და სხვა კატაკლიზმებმა აშშ-ის რამდენიმე შტატში ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვინაიდან გაითიშა ელექტროსისტემა, რამდენიმე ადამიანი გენერატორის გამოყენებისას დაგროვებული ნახშირჟანგით (CO) დაიღუპა.
ზაფხულის დასაწყისში, ასობით ადამიანი ემსხვერპლა რეკორდულ სითბურ ტალღას წყნარი ოკეანის ჩრდილი-დასავლეთ ზონაში. უდიდესი საფრთხეა ტყის ხანძრების შედეგად ცაში ასული კვამლიც, რომლის დონეც საგანგაშო მაჩვენებლებს აღწევს.
„თქვენს შვილებს უფრო და უფრო ხშირად ესაჭიროებათ საავადმყოფო დაბინძურებული ჰაერით გამწვავებული ასთმის გამო. ჩვენ წინაშეა სიცხისგან დაუძლურებისა და სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების უფრო და უფრო მეტი შემთხვევა. კლიმატის ცვლილება გრძელდება და ასეთი შემთხვევები მხოლოდ გაიზრდება“, — ამბობს პულმონოლოგი მიკი საჩდევა.
კლიმატის ცვლილების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა, მათ შორის ხანდაზმულები და ყველაზე ახალგაზრდები, ისევე როგორც ისინი, ვინც უკვე იმყოფებიან ეკონომიკური და ჯანმრთელობის გამოწვევების წინაშე. დაუსრულებელმა კატასტროფებმა, მაგალითად, ქარიშხლებმა და ხანძრებმა შეიძლება გამოიწვიოს მენტალური პრობლემები და არასტაბილურობა. მოსალოდნელია ინფექციურ დაავადებათა ზრდაც.
„უკვე სრულიად შეიცვალა დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელება. უმეტესი მათგანი მხოლოდ ტროპიკულ ზონებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ რაც უფრო თბება დედამიწა, ისინი სულ უფრო ჩრდილოეთით ინაცვლებენ. მაგალითად, კოღოები, რომლებსაც მრავალი დაავადება გადააქვთ და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში იყვნენ გავრცელებული, ახლა უკვე აშშ-შიც არიან“, — ამბობს New England Journal of Medicine-ის მთავარი რედაქტორი ერიკ რუბინი.
სამედიცინო ჟურნალთა გამაფრთხილებელი წერილი წინ უსწრებს მნიშვნელოვან კლიმატურ მოლაპარაკებას, რომელიც ამ შემოდგომაზე გაიმართება. 2021 წლის ნოემბერში, შოტლანდიაში გაიმართება კონფერენცია, სახელად COP26, რომელზეც მსოფლიო ლიდერები სათბური აირების შემცირების საკითხებსა და ვალდებულებებს განიხილავენ.
სარედაქციო წერილი შენიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებას ისეთივე ყურადღება და დაფინანსება სჭირდება, როგორიც COVID-19-ის პანდემიამ მიიღო.
„კლიმატის ცვლილება შეიძლება უდიდესი საფრთხე იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჩვენი სიცოცხლისთვის“, — ამბობს რუბინი.
ინდუსტრიალიზებამდელ პერიოდთან შედარებით, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ უკვე მოიმატა, მაგრამ კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე უარესი საფრთხეების აღსაკვეთად, საჭიროა, რომ 2100 წლამდე არ დავუშვათ ტემპერატურის 1,5°C-ზე მეტით მომატება. ამ მაჩვენებლისგან უმცირესმა სხვაობამაც კი შეიძლება დრამატულად გაზარდოს ექსტრემალური ამინდი. აგვისტოში, გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ მასშტაბურ კლიმატურ მოხსენებაში, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ 1,5°C-ზე ოდნავი გადაჭარბებაც კი ექსტრემალური სითბური მოვლენების შანსებს 14-ჯერ ზრდის.
სამედიცინო ჟურნალთა რედაქტორები მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ გაუძღვნენ გამონაბოლქვის შემცირების საკითხს.
„ამჟამინდელი სტრატეგია, რომ ბაზრები სუფთა ტექნოლოგიებზე გადასვლისკენ წავახალისოთ, საკმარისი არ არის. მთავრობები უნდა ჩაერთონ ტრანსპორტის სისტემების, ქალაქების, საკვების წარმოებისა და დისტრიბუციის გარდაქმნაში, შეცვალონ ფინანსური ინვესტიციების ბაზრები, ჯანდაცვის სისტემები და გაცილებით მეტი“, — ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეული დათბობა გარდაუვალია, ჯერ კიდევ გვაქვს დრო, კლიმატის ცვლილების უარესი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
„ამოსავალი წერტილია არ ვთქვათ, რომ ცა გვექცევა. უნდა ვთქვათ, რომ პრობლემები გვაქვს. ეს პრობლემები ძლიერ მწვავეა და არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და რაც ახლავე უნდა გავაკეთოთ. ვისურვებდი, რომ ეს უფრო მოქმედებისკენ მოწოდება იყოს და არა ჩვენი პლანეტის ნეკროლოგი“, — ამბობს New England Journal of Medicine-ის მთავარი რედაქტორი ერიკ რუბინი.
მომზადებულია npr.org-ის მიხედვით.