კლაუდია როთი - საქართველოში ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არსებობს
საქართველოში ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სალომე სამადაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული სესიის მონაწილებს კითხვა დაუსვა: „თუ მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური სივრცის და ოპოზიციის შევიწროებას, ფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოწვევა ექნება?“.
„საქართველოში ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არსებობს. პრობლემებს ვაწყდებით ამ დღეებში. დემონსტრანტებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ. პირველ რიგში, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, რომელიც გადადგა, მეორე იყო – ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც საკმაოდ კარგი შანსია, რათა მომავალი არჩევნები 2020 წელს ჩატარდეს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვნებით. მესამე მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის საკითხი, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება პოლიციის ქმედებების გამოძიება. იმედი მაქვს, რომ შედეგებიც დადგება. არავითარი კომპრომისი, როდესაც საქმე ეხება პრესის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს საკითხი ასევე დგას ევროკავშირის შიგნით. მაგალითად, ვაკვირდები, თუ რა ხდება უნგრეთში, იტალიაში, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპული ღირებულებების დარღვევა მოხდეს. ამისთვის უნდა დადგეს შედეგები და ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კლაუდია როთმა.