კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის, რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას რეჟისორები, მსახიობები, რეზო ესაძის მეგობრები და პოლიტიკოსები დაესწრნენ, მათ შორის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, ასევე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კერძო კომპანიები.
ვარსკვლავის გახსნა რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
დღესვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში რეზო ესაძის ნახატების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.
გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); „საქორწილო საჩუქარი“; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“; „ერთი ნახვით შეყვარება“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); „წკიპურტები“; „ყოველ შაბათს“ (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); „წამმზომი“; „ოთხი ფურცელი“; „ფრო“; „ერთხელ“.
რეზო ესაძეს შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორის ფილმებში.
რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.
იუბილესთან დაკავშირებით, პირველი არხის ეთერში 18 თებერვალს მისი ბოლო ფილმის, „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა შედგა. ფილმი რეჟისორმა 2016 წელს, 82 წლის ასაკში გადაიღო.