გარდაიცვალა რეჟისორი რეზო ესაძე
გარდაიცვალა რეჟისორი რეზო ესაძე

გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი რეზო ესაძე. რეზო ესაძის გარდაცვალება საქართველოს პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს დაიბადა. იყო ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელია, ასევე საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.

გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრანპრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); „საქორწილო საჩუქარი“; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“; „ერთი ნახვით შეყვარება“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); „წკიპურტები“; „ყოველ შაბათს“ (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); „წამმზომი“; „ოთხი ფურცელი“; „ფრო“; „ერთხელ“.

რეზო ესაძეს შესრულებული აქვს მთავარი და ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორის ფილმებში.

რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ-ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

საქართველოს პირველი არხის ეთერში 18 თებერვალს მისი ბოლო ფილმის, „თვე, როგორც ერთი დღე“ ტელეპრემიერა შედგა. ფილმი რეჟისორმა 2016 წელს, 82 წლის ასაკში გადაიღო.