ხვამლის მთაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნებართვო სამუშაოები დაიწყო
ხვამლის მთაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნებართვო სამუშაოები დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა სამუშაოების კადრებიც. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ არის მე-19 საუკუნით დათარიღებული წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში შესული ტრაქტორი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პირველ არხთან კომენტარი გააკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, რომელმაც მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.
„2014 წლიდან ჩვენ ვაფინანსებთ არქეოლოგიურ გათხრებს ხვამლის მთაზე. გაკეთდა ძალიან მაგარი აღმოჩენები. ამ ადგილას გარდა მე-19 საუკუნის ტაძრისა, არის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ფენები, არის არქეოლოგიურად ძალიან საინტერესო ადგილი, რომელსაც ვიკვლევთ ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად. მოხდა ვანდალურ აქტი, რაც არის კატასტროფა და ძალიან შემაშფოთებელი. მე, როგორც კი მაჩვენეს ეს ვიდეო, მაშინვე გავგზავნე ინსპექცია. ამ ფაქტს ჩვენი მხრიდან მოჰყვება სამართლებრივი რეაქცია, ინსპექცია პირველ რიგში შეაჩერებს წარმოებულ არაკანონიერ სამუშაოებს. ასევე დაადგენს დაზიანდა, თუ არა ძეგლი. სპეციალისტები ზუსტად დაადგენენ რა მოხდა, წასულია არქეოლოგიც, რომელიც წლის განმავლობაში ხვამლის მთაზე მუშაობდა. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს მას შემდეგ გადავდგამთ, რაც გავიგებთ კონკრეტულად რა მოხდა და რა დაზიანდა”, – განაცხადა ანთიძემ.
ხვამლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანის ნამოსახლარები, 1900 წელს აღმოაჩინეს. 2007-2010 წლებში კი განახლებული არქეოლოგიური სამუშაოებისას მთის წვერზე მდებარე წმიდა გიორგის ეკლესიის გალავნის მცირე მონაკვეთი და მისი უნიკალური კონსტრუქციის მქონე კარიბჭე გაითხარა.
2013 წლიდან 2016 წლამდე კი აღმოაჩინეს არტეფაქტები – პალეოლითური ხანის. ასევე, დაფიქსირდა კლდეში ჩაჭრილი, ქვით ნაგები ოთხკუთხა შენობის ნაშთი, რომლის იატაკი თიხით არის მოტკეპნილი და მოსწორებული.