ხურვალეთში აცხადებენ, რომ სოფელში სიმშვიდეა და დღევანდელი ვითარება ინტერნეტში ხელოვნურად გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში აცხადებენ, რომ პროვოკაციების მოწყობა მიუღებელია და დღევანდელი მდგომარეობა ინტერნეტში ხელოვნურად გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია.
როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა „პალიტრა ტვ“-ს განუცხადა, სოფელში რუსი შეიარაღებული პირები არ გადასულან.
მისივე თქმით, დღევანდელი სიტუაცია ინტერნეტში ხელოვნურად გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ გამოიწვია.
„სინამდვილეში არავითარი რუსები არ გადმოსულან და საერთოდ არ გვინახავს რუსები. ვიღაცა ერთობა მსგავსი სიტუაციებით, მაგრამ ჩვენზე ეს ძალიან მოქმედებს. ვინც ეს მდგომარეობა ჩაიდინა, აგოს პასუხი. რამდენჯერ უნდა ჩაიდინოს ამ ქალბატონმა ეს, ვგულისხმობ თავშესაფრის დირექტორს, ადრე იყო და დროშა გამოფინა, გაღიზიანებულ ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებენ, შეიძლება რუსები ასე გამოიწვიო? მსგავსი პროვოკაციების მოწყობა მიუღებელია. ამ ქალბატონმა თავის კომპეტენციაში თავშესაფარს მიხედოს, სოფელს დაანებოს თავი, რადგან ძალიან ხშირად იწვევს რუსებს დათო ქაცარავასთან ერთად. დათო ქაცარავამაც შეწყვიტოს, კარგი ჰაერია, თუ უნდა მოვიდეს, დაისვენოს, მაგრამ მსგავსი პროვოკაციების მოწყობისგან თავი შეიკავოს“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
ამასთან, აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.