ხულოში ყველა უბნის დათვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე იმარჯვებს
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ყველა უბნის მონაცემები უკვე დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ ბერიძე ლიდერობს ხმათა 70,9 პროცენტით (9 909 ხმა).
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, ირაკლი ჯორბენაძემ ხმათა 23,7 პროცენტი მიიღო (3 318).
19 მაისის არჩევნებზე ხულოში ხმა მისცა 14 163 ამომრჩეველმა, აქედან 187 ხმა ბათილად იქნა ცნობილი.
ოლქში სულ 22 საჩივარია შესული, მათგან 18 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაწერა, ხოლო ოთხი – „სამართლიანმა არჩევნებმა“.
ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.