ხათუნა სალუქვაძე - ლიტვა პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც თავის ენაზე ჩვენს ქვეყანას საქართველოდ მოიხსენიებს
ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდება საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, – ამის შესახებ პირველ არხს ლიტვაში საქართველოს ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ განუცხადა.
„როგორც ცნობილია, ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისია განაგრძობს ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების შესაძლო დამკვიდრების საკითხის განხილვას. აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, რომელიც გამოყენებულ იქნება ლიტვურ ენაში საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან ერთად (Gruzija)“, – აღნიშნა ხათუნა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთ თვეში დაზუსტდება საქართველოს (Sakartvelo) როგორ მოარგებენ ლიტვურ დაბოლოებებს და გრამატიკის წესებს. სალუქვაძის განმარტებით, გარდა ქვეყნის დასახელებისა, კომისია განსაზღვრავს საქართველოს მაცხოვრებლების, ქართული ენისა და ეროვნების აღმნიშვნელი შესაბამის სახელწოდებებს და ყველა დასახელება ფორმირებული იქნება სიტყვიდან „საქართველო“.
„კომისია განაგრძობს მსჯელობას სახელწოდების დაზუსტებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით და მოგვიანებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სიტყვა Sakartvelo-ს ლიტვური ენის ლინგვისტურ თავისებურებებთან მორგების თაობაზე. ლიტვური ენა ძალიან რთული გრამატიკით და ფონეტიკით გამოირჩევა, ყველა სიტყვას თავისებურად წარმოთქვამენ. მაგალითად, ოსლო – ოსლას, მონაკო – მონაკას. ამიტომ განიხილავენ, გრამატიკულად როგორ მოარგონ როგორც ქვეყნის დასახელება, ისევე განსაზღვრონ ლიტვურ ენაში საქართველოს მაცხოვრებლების, ქართული ენის და ეროვნების აღმნიშვნელი შესაბამისი სახელწოდებები“, – განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ლიტვა პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც თავის ენაზე ჩვენს ქვეყანას საქართველოდ მოიხსენიებს და აღნიშნული ჟესტი ლიტვის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნება.
„ამ ნაბიჯით, ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას. საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში მიესალმება აღნიშნულ ნაბიჯს, რომელიც განსაკუთრებით სიმბოლური იქნება საქართველო-ლიტვის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით. ასევე, ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავს – 2018 წლის 26 მაისს“, – აღნიშნა ხათუნა სალუქვაძემ პირველ არხთან საუბრისას.