ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვაზე ინფრასტრუქტურის მინისტრისგან პასუხი მიიღეს
ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვაზე ინფრასტრუქტურის მინისტრისგან პასუხი მიიღეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვაზე ინფრასტრუქტურის მინისტრისგან, ირაკლი ქარსელაძისგან პასუხი მიიღეს.

მინისტრი წერილში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან მონიტორინგის შედეგად მეწყრული კერები დაფიქსირდა და ეს უბანი მდებარეობს არა მშენებარე გზასთან, არამედ არსებულ გზასთან 200 მეტრში.

მინისტრის ცნობით, სპეციალისტების დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მეწყრული პროცესის გააქტიურების რისკები, რის გამოც დაიგეგმა კვლევები და შემუშავდა გზაზე გადაადგილების ისეთი რეჟიმი, რომელიც მეწყრული პროცესების გააქტიურების პირობებში, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაძლო საფრთხის შემცირებას უზრუნველყოფდა.

„დაიწყო შესაბამისი კვლევები და, პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გაფართოვდა გზა, რათა გაორმაგებულიყო ე.წ. მიწის დამგროვებელი. ამასთან, დაწესდა 24-საათიანი მონიტორინგი, რომელიც დღესაც გრძელდება. დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით დასრულებულია ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები, შემუშავებულია ფერდის გამაგრების პროექტი. ამასთან, დაიწყო შესაბამისი სამუშაოებიც. დაწესებული სპეციალური რეჟიმი უკვე შემსუბუქდა და მსუბუქი, სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის პერიოდი ცხრა საათამდე გაიზარდა. სპეციალური რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაც სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყდება.

აღსანიშნავია, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობას ზედამხედველობენ საერთაშორისო ტენდერით შერჩეული საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები. ზედამხედველობა მოიცავს მშენებელი კომპანიის მიერ ჩატარებული ყველა სახის სამუშაოს ხარისხის კონტროლს, მათ შორის, თითოეული ხელოვნური ნაგებობის როგორც მოცულობის, ისე ხარისხის შემოწმებას. ნებისმიერი სამუშაოს მიღება და ანაზღაურება ხდება მხოლოდ საზედამხედველო კომპანიის შემოწმებისა და დადასტურების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველები გამოავლენენ შესრულებული სამუშაოს რაიმე სახის შეუსაბამობას, ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები იგეგმება საზედამხედველო კომპანიის მითითებით და დასტურით. ხელახალი ან განმეორებითი სამუშაოების ანაზღაურება დეპარტამენტის მიერ არ ხორციელდება, მისი გამოსწორება, ხელშეკრულების პირობების თანახმად, კონტრაქტორის ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ყველა დამატებით ხარჯს ანაზღაურებს კომპანია საკუთარი სახსრებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონტრაქტო ღირებულება არ შეცვლილა“, – აღნიშნავს მინისტრი წერილში.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გამოგზავნილ წერილში ინფრასტრუქტურის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ რიკოთის ყველა მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცედურები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების სახელმძღვანელოსა და რეგულაციების შესაბამისად წარიმართა.

„შერჩევა-შეფასების ეტაპები, მათ შორის წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შეფასების შედეგები და ხელშეკრულების გაფორმება შეთანხმებული და დადასტურებული იქნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. საყურადღებოა, რომ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგულაციების შესაბამისად, თუ პრეტენდენტი სანქცირებულია, იგი არ არის უფლებამოსილი, მონაწილეობა მიიღოს, წარმოადგინოს სატენდერო წინადადება, შეირჩეს ან მიენიჭოს ხელშეკრულება. ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად პრეტენდენტი ფასდება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, როგორებიცაა: პრეტენდენტის ფინანსური მდგომარეობა; საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა; ზოგადი გამოცდილება; მსგავსი გამოცდილება (კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ მას მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება აქვს); გამოცდილება ძირითად სამუშაოებში (მონაწილემ უნდა დაადასტუროს სამშენებლო გამოცდილება კონკრეტულ ტენდერში განსაზღვრულ ძირითად სამუშაოებში (გვირაბების, ხიდების მშენებლობა, მიწის სამუშაოები, საფარის მოწყობა); ძირითადი პერსონალის კვალიფიკაცია (პროექტის მენეჯერი, გვირაბის, ხიდის და ხარისხის ინჟინრები, გეოტექნიკოსი და სხვა).

შესაბამის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმებით, გამარჯვებულად ცხადდება ის პრეტენდენტი, რომელიც სატენდერო პირობებს დააკმაყოფილებს და ამასთან, წარმოადგენს უმცირეს ფასს. რაც შეეხება მომუშავე პერსონალის შერჩევას, ეს ხდება კონტრაქტორის მიერ მათი კვალიფიკაციისა და პოზიციის შესაბამისად, ხოლო მასალების შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაციები.

E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის (ლოტი 1) მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ხიდის დაზიანების პროცესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მდინარე რიონზე 24-მალიანი მშენებარე სახიდე გადასასვლელის საექსპერტო სამუშაოებს ახორციელებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო). ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-ძიების სამუშაოები და კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, განისაზღვრება ღონისძიებები და დასრულების ვადები. კვლევის ფარგლებში, დასკვნა წარმოდგენილი იქნება ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში“, – აღნიშნულია წერილში.

ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ გუშინ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს მიმართეს, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომიტეტის მორიგ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრი მიიწვიოს. მანამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართეს.