ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს
ხადას ხეობაში რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს დუშეთის გამგებელმა ზურაბ სეხნიაშვილმა დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, მცირეწლოვანის ცხედარი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
როგორც სეხნიაშვილმა განაცხადა, ადგილი სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, შესაბამის სამსახურებს სავარაუდო დამნაშავემ მიუთითა, რომელიც მისი ინფორმაციით, დაკავებულია. საუბარია ახალგაზრდა მწყემსზე.
ამ ეტაპზე, სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში მიმდინარე წლის 6 ივლისს შევიდა. ხეობაში ჯერ ცოლ-ქმარი იპოვეს გარდაცვლილი, დღეს კი, მათი შვილის ცხედარიც ნახეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.
დაღუპულ ცოლ-ქმარს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.
ამასთან, სოციალურ ქსელში მათ დაღუპვასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის საუბარი იყო მკვლელობის ვერსიებზეც.