გორის რაიონულ სასამართლოში ​​მალხაზ კობაურის საქმის განხილვა მიმდინარეობს
გორის რაიონულ სასამართლოში ​​მალხაზ კობაურის საქმის განხილვა მიმდინარეობს

გორის რაიონულ სასამართლოში ​ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დაიწყო.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი შემხებლობა მკვლელობასთან არ აქვს. ალექსანდრე კობაიძის თქმით, კობაური ბრალს არ აღიარებს.

პროკურორ ზაზა დათუკიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე არაერთ მტკიცებულებას წარადგენს და მათი ერთობლიობა დაადასტურებს, რომ დანაშაული ნამდვილად მალხაზ ბექაურის მიერ არის ჩადენილი.

წინასწარი პატიმრობიდან ცხრათვიანი ვადის გასვლამდე ერთი თვეა დარჩენილი. 14 ნაფიც მსაჯულს 100-მდე მოწმის მოსმენა და მტკიცებულებების გაცნობა მოუწევს.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.