ადვოკატი - მალხაზ კობაური არის ხადას ხეობაში საზარელი დანაშაულის მოწმე და არა დამნაშავე
ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაური გლდანის ციხეში ხუთი საათის განმავლობაში იკითხებოდა.
ადვოკატ დავით გირგვლიანის თქმით, ხელახლა გამოკითხვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ჩვენების შეცვლას უკავშირდება, რომელიც კობაურმა სასამართლო სხდომაზე თქვა.
დავით გირგვლიანის თქმით, კობაურმა გამომძიებლებს უთხრა, რომ მკვლელობა ორმა უცნობმა პიროვნებამ ჩაიდინა და ამასთან, მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„მალხაზ კობაურმა ისაუბრა იმაზე, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობა ორმა უცნობმა პიროვნებამ ჩაიდინა. ამასთან დაკავშირებით ჩვენც არაერთხელ განვმარტეთ, რომ მზად ვიყავით გვეთანამშრომლა გამოძიებასთან, აღგვეწერა ეს ორი ადამიანი და მიგვეცა მათზე დეტალური ჩვენება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა აღწერა, როგორ გამოიყურებოდა ეს ორი ადამიანი, რა სიმაღლის იყვნენ, როგორი აღნაგობა და რა ფერის წარბები ჰქონდათ, ამასთან, რა ინდივიდუალური მახასიათებლები გააჩნდათ. აქედან გამომდინარე, მიაწოდა ინფორმაცია როგორც მოწმისთვის არის ცნობილი და არა როგორც ბრალდებულისთვის, რადგან, რაზეც ის საუბრობს, იგი თავად არის ამ საზარელი დანაშაულის მოწმე და არა დამნაშავე“, – განაცხადა დავით გირგვლიანმა.
ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, ასევე მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს, ისინი მოკლა ორმა „უცხოურმა მამაკაცმა“, რომლებიც მას დაემუქრნენ. მოგვიანებით ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის წარმოთქმული სიტყვა არასწორად იქნა აღქმული, ის გულისხმობდა ორ უცხო პირს და არა უცხოელს. საქმის გამოძიებაში ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროც (FBI) ჩაერთო.