ადვოკატი აცხადებს, რომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულმა სიტყვა არასწორად წარმოთქვა, ის გულისხმობდა ორ უცხო პირს და არა უცხოელს
ადვოკატი აცხადებს, რომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულმა სიტყვა არასწორად წარმოთქვა, ის გულისხმობდა ორ უცხო პირს და არა უცხოელს

​ხადას ხეობაში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ კობაურის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე არასწორად წარმოთქვა სიტყვა.

მისი თქმით, მალხაზ კობაურს ორი უცხო პირი უნდა ეთქვა და არა – უცხოელი.

უფლებადამცველის განმარტებით, ბრალდებული გულისხმობდა მისთვის უცხო ორ პირს, რომლებიც, ბრალის არაღიარების შემთხვევაში, ოჯახის წევრების დახოცვით დაემუქრნენ.

სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდბულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, მალხაზ კობაურმა განაცხადა, რომ „ორი უცხოური პიროვნება“ დაემუქრა. არსებობს ბრალდებულის სიტყვის ამსახველი აუდიო-ვიდეომასალა.

დარბაზში მსხდომმა მედიის წარმომადგენლებმა ბრალდებულის ნათქვამი აღიქვეს, როგორც „უცხოელი პიროვნებები“, თუმცა როგორც მოგვიანებით ადვოკატმა განმარტა, 19 წლის მწყემსი გულისხმობდა მისთვის უცხო პიროვნებებს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.