ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მალხაზ კობაურისთვის პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე ითხოვდა. ​საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

მალხაზ კობაურის ადვოკატები დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. უფლებადამცველების განმარტებით, პროკურატურას საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე სურდა, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს 19 წლის მწყემსი.

მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები და მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს.

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. კერძოდ, მალხაზ კობაურს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მალხაზ კობაურისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მალხაზ კობაური დააკავეს. საუბარია ამერიკისა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეებზე, რაიან და ლორა სმიტებსა და მათ ოთხი წლის შვილზე. შსს-ის ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტს შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. გუშინ კი, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი.