ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - პროკურატურას სურდა, დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს 19 წლის მწყემსი
ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - პროკურატურას სურდა, დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს 19 წლის მწყემსი

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ.

უფლებადამცველების განმარტებით, პროკურატურას საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე სურდა, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს 19 წლის მწყემსი.

ასევე, ადვოკატის განმარტებით, საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაცვის მხარის განცხადებით, არსებობს მხოლოდ კობაურის აღიარებითი ჩვენება, რომელიც მან მოგვიანებით შეცვალა.

„მეჩვენება, რომ ეს საქმე არის ნაჩქარევად გახსნილი, რადგან არიან ამერიკის მოქალაქეები და რეზონანსული საქმეა. საქმის მასალები გადმოგვეცა დარღვევით, პროცესამდე ერთი საათით ადრე. ასევე საგამოძიებო მოქმედებები მალხაზ კობაურს ჩაუტარდა ნაჩქარევად, თუნდაც ნიმუშების აღება სხეულიდან. ეს არის დაცვის უფლების დარღვევა. სურთ, რომ საქმე სწრაფად გაიხსნას და დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი“, – განაცხადა ადვოკატმა.

19 წლის მწყემსის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასმართლო ამ წუთებში მსჯელობს. ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას მოითხოვს. 19 წლის მწყემსს ბრალად ედება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობა. ბრალდებული მალხაზ კობაური დანაშაულს არ აღიარებს.