ადვოკატი აცხადებს, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული საქმის არც ერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებს
ადვოკატი აცხადებს, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული საქმის არც ერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებს

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული საქმის არც ერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებს, – ამის შესახებ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების ნომერ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.

„მალხაზ კობაურის პოზიციიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვიდრე იგი გამოძიებას არ მიაწვდის სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას“, – განაცხადა ალუდა ბუჩუკურმა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის სტრატეგია შერჩეულია, თუმცა მის გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

საქმეში ადვოკატი ალუდა ბუჩუკური მას შემდეგ ჩაერთო, რაც ადვოკატმა დავით გირგვლიანმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა. ადვოკატმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები. თუმცა, დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება აზრს, თითქოს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე უარი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე თქვა. მედიით გავრცელებული დასკვნის თანახმად, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი მიბჯენით არის მოკლული.

ხადას ხეობაშ მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაინს სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს კი, მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი. უწყების ცნობით, ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდებაშსს-მ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის მალხაზ კობაური დააკავა. დაკავებულს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.