სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები ალტერნატიულ ექსპერტიზას გეგმავენ
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები ალტერნატიულ ექსპერტიზას გეგმავენ

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ საქმეში პროკურატურის მხრიდან არასწორი მიდგომა იკვეთება, რომლის მიზეზი ჯერ უცნობია.

კობაიძის თქმით, უამრავი კითხვა ჩნდება, რომელზეც პასუხი გაცემული არ არის.

„საქმეში აშკარად იკვეთება პროკურატურის მხრიდან კონკრეტული ფაქტების მიმართ არაკვალიფიციური ან შეგნებულად არასწორი მიდგომა. რატომ იქცევა პროკურატურა ასე, ჯერ ჩვენთვის უცნობია. აღნიშნული საქმე არ არის ისეთი ვერსიით წასაყვანი, რასაც ბრალდების მხარე გვთავაზობს. რატომ არ არიან ის ადამიანები, თუნდაც ის მწყემსები გამოკითხული, რომლებიც კობაურის საქმეში ფიგურირებენ; რატომ არ არის გამოკვლეული ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და რატომ მიაცემინეს დაშინების წესით ჩვენება კობაურს“, – განაცხადა კობაიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საინტერესოა, რატომ არ მუშაობს სხვა ვერსიაზე ბრალდების მხარე, მაშინ, როცა საქმეში აბსოლუტურად სხვა ფაქტობრივი გარემოებებია. რა გარემოებებზეა საუბარი, ადვოკატი ამ ეტაპზე, არ აკონკრეტებს.

„პროკურატურა არ ცდილობს აღნიშნული საქმე ობიექტურად აწარმოოს. ასევე, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FBI არის საქმეში ჩართული. ესეც რა თქმა უნდა, ჭორია და ამას არც ბრალდების მხარე ადასტურებს“, – განაცხადა კობაიძემ.

ბრალდებულის მეორე ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ექსპერტიზისთვის ნიმუშების აღებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას არ ვიცნობთ, მაგრამ აუცილებელია, გამოვიკვლიოთ, რამდენად კანონიერად მოხდა თავდაპირველი საკვლევი ობიექტის თუ ნიმუშის აღება, რადგან დარღვევამ შესაძლოა, სხვა შედეგი მოგვცეს. როგორ მოხდა ნიმუშების აღება, ხომ არ არის რამე ხელოვნური ჩარევა? ამ კუთხით ეჭვები არსებობს. ჩვენ მტკიცებულებების გადმოცემის მოთხოვნით 27 ივლისს მივმართეთ ბრალდებას, მაგრამ 5 ტომი არ მოგვცეს და მხოლოდ 60-70 გვერდი დოკუმენტაცია მოგვცეს, რომელიც მოპოვებულია 20 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით“, – განაცხადა მამულაშვილმა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს არ გადასცემია ძირითადი მასალა, რაზეც ბრალდებაა აგებული, ყოფილ ადვოკატებს კი, მასალა მისცეს.

„თუ ბრალდების მხარე არ გადასცემს დაცვის მხარეს მტკიცებულებებს, ეს იწვევს აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ შუამდგომლობას, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი ის 5- ტომიანი მასალა, რომელიც საქმეზე მანამდე არსებობდა“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ადვოკატები ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც გეგმავენ.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულია 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.