ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები განახლდება
ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები განახლდება

ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან დამატებითი შემადგენლობებით განახლდება.

ადგილზე მობილიზებულია დუშეთისა და მცხეთა-მთიანეთის სამაშველო სამსახურები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსმა, თემურ მონიავამ განაცხადა სამძებრო სამუშაოები მანამდე გაგრძელდება, სანამ ბავშვს არ იპოვიან.

მისივე თქმით, ხეობის 99 პროცენტი უკვე დათვალიერებულია, დღეს კი ხელმეორედ შეამოწმებენ.

„როგორც კი გათენდება, ისევ დაიწყებენ ჯგუფები სამძებრო სამუშაოებს. ძიება განახლდება დამატებითი შემადგენლობებით. მთლიანობაში დათვალიერებულია 11 კილომეტრი. მუშაობას ვაგრძელებთ ბოლომდე, სანამ არ იქნება ნაპოვნი ბავშვი. მდინარე სადაც იღებს სათავეს, იქიდან დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ის ტერიტორია, ყველაფერი ნანახია ორჯერ. კიდევ ვაპირებთ დილით, ავიდეთ იმ ტერიტორიაზე. გავაგრძელებთ ისევ, ზევიდან ბოლომდე ჩავუყვებით მთლიანად ამ 11 კილომეტრს“, – განაცხადა თემურ მონიავამ.

სამძებრო სამუშაოებს ხადას ხეობაში გუშინ შებინდებამდე 25-მდე მაშველი აწარმოებდა. რთული რელიეფური პირობებისა და ღამით ცუდი ხილვადობის გამო, ძებნის ოპერაცია დილამდე შეჩერდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს, ბავშვის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.