ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი გაიმართება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის წინასასამართლო პროცესი გაიმართება.
საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის თქმით, მოსამართლე განიხილავს იმ მტკიცებულებების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის საკითხს, რომელიც წარმოდგენილია დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ.
„გადაისინჯება მალხაზ კობაურის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. პროკურატურამ მტკიცებულებების სახით წარადგინა დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ბიოლოგიური, სამედიცინო და ქიმიური დასკვნები, საგამოძიებო და საპროცესო ოქმები. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი ადასტურებს ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდის საფუძველს, რომ კობაურმა ჩაიდინა დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, მოსამართლე ვაჟა ფოხაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, სხდომაზე ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო, რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოაცხადა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მისთვის უცნობია, რა გახდა ადვოკატების მხრიდან დაგვიანების მიზეზი.
ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება რამდენიმე დღის წინ დაუმძიმდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითდა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.