სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა
სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა

ხადას ხეობაში ტურისტული მიზნით მყოფი რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალდება დაუმძიმდა.

მთავრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიების მიერ  მიღებული  მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

დღემდე, მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში.

შესაბამისად, პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .