ხადას ხეობაში მცხოვრები - ჩანჩქერისკენ მიმავალი ოჯახი მწყემსმა ნახა, ბავშვი მამას ზურგჩანთით მიჰყავდა
ხადას ხეობაში მცხოვრები - ჩანჩქერისკენ მიმავალი ოჯახი მწყემსმა ნახა, ბავშვი მამას ზურგჩანთით მიჰყავდა

ხადას ხეობაში მცხოვრების, ზურაბ ბენიაიძის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის დაღუპვა უბედური შემთხვევაა და ცოლ-ქმარი სავარაუდოდ კლდიდან გადმოვარდა.

მისივე განცხადებით, ოჯახს კარავი მისი სახლიდან 100 მეტრში ჰქონდა გაშლილი.

„სავარაუდოდ კარავი მოამზადეს საღამოსთვის, მერე წავიდნენ ჩანჩქერზე და მოხდა უბედური შემთხვევა. დავიწყეთ ძებნა სავარაუდო ადგილების, სადაც ტურისტი მოძრაობს – ჩანჩქერებთან, საჩქეფებთან. გარდაცვლილ ქალი მორევში ვიპოვეთ. მამაკაცის ცხედარი კი გუშინ სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა დაახლოებით კილომეტრის მოშორებით ქალის გვამიდან. ქალის სხეულს სილურჯეები ეტყობოდა“,- განაცხადა ადგილობრივმა.

ადგილობრივის ინფორმაციით, მცირეწლოვანთან ერთად ჩანჩქერისკენ მიმავალი ცოლ-ქმარი მწყემსმა ნახა. როგორც ბენიაიძე ამბობს, ოთხი წლის ბავშვი მამას ზურგჩანთით მიჰყავდა.

„როცა ჩანჩქერისკენ მიდიოდნენ, მწყემსი შეხვდათ, რომელმაც ნახა, რომ ბავშვი სპეციალური ზურგჩანთით მიჰყავდა კაცს, მაგრამ მამაკაცის ცხედართან ბავშვის კვალი ვერ აღმოვაჩინეთ. კაცის გვამი სულ შიშველი იყო, არც ზურგჩანთა ჰქონდა. ბავშვის საკიდი აღმოვაჩინეთ სულ სხვა ადგილას. მდინარის ნაპირები სულ შემოწმებულია. არაგვიდანაც კი შემოწმებულია. ბავშვი მსუბუქია და წყალს შეეძლო, არაგვამდე გაეტანა და არაგვს წაეღო“,- განაცხადა ადგილობრივმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს, ბავშვის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.