კემეროვოში აქციის მონაწილეები ვლადიმერ პუტინთან და ოლქის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ
კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძართან დაკავშირებით საპროტესტო აქცია იმართება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. გამოცემა „ინტერფაქს-სიბირი“ კი წერს, რომ ადგილზე 300-მდე მომიტინგეა შეკრებილი.
კემეროვოს ცენტრში შეკრებილებს შორის არიან ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ახლობლები. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათთან ოლქის გუბერნატორი ამან ტულეევი და კემეროვოში მყოფი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მივიდნენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, 25 მარტს მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან ინტერნეტში გავრცელებული ცნობების თანახმად, გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით აღემატება ოფიციალურად გამოცხადებულ ციფრს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებთან კემეროვოს ოლქის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ცივილევი მივიდა, რომელმაც მოქალაქეებს შესთავაზა, პროზექტურები თავად დაათვალიერონ.
კემეროვოში დილით ჩასულმა ვლადიმერ პუტინმა ტრაგედიის ადგილთან ყვავილები მიიტანა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, მომხდარის ერთ-ერთი მიზეზი დანაშაულებრივი გულგრილობაა.
კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს, გამოძიების ვერსიით, საბავშვო მოედანზე ან კინოთეატრის ერთ-ერთ დარბაზში გაჩნდა. შემთხვევის დროს კინოთეატრში ძირითადად ბავშვები იმყოფებოდნენ.
როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, კინოთეატრის კარი ჩაკეტილი იყო, რის გამოც დარბაზში მყოფებმა გარეთ გასვლა ვერ შეძლეს.
რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის გამოძიების საქმეზე ხუთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ცენტრის დირექტორი და დაცვის თანამშრომელი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაცვის წევრმა სახანძრო სიგნალიზაციის ამოქმედების შემდეგ, უსაფრთხოების სისტემა გამორთო.