კემეროვოს ხანძრის საქმეზე დაკავებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართა
კემეროვოს ხანძრის საქმეზე დაკავებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართა

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის საქმეზე, რომელსაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. მათი წინასასამართლო სხდომა ოთხშაბათს გაიმართა.
სავაჭრო ცენტრის დირექტორს, ნადეჟდა სუდდენოკს დაუდევრობის მუხლით ედება ბრალი.

რაც შეეხება დაცვის თანამშრომელს, სერგეი ანტიუშინს, გამოძიება მას ედავება, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დროულად არ გააქტიურა, რა მიზეზითაც, სავარაუდოდ, ფატალური შედეგი დადგა.

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

რუსული მედია კი წერს, რომ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი დიდი ალბათობით განზრახ გააჩინეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი საბავშვო გასართობ კომპლექსში, პოროლონის კუბებით სავსე, მშრალ აუზში გაჩნდა.

„სავარაუდოდ ხანძრის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა“, – მედიასაშუალებების ცნობით, აღნიშნული მოწმეების ჩვენებებითაც დასტურდება.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარს, რომელიც 25 მარტს გაჩნდა, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 41 ბავშვია.