რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - კომპანია „კემეროვოს საკონდიტრო კომბინატის“ დირექტორი პასუხისმგებელი იყო სახანძრო უსაფრთხოების დაცვაზე
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი - კომპანია „კემეროვოს საკონდიტრო კომბინატის“ დირექტორი პასუხისმგებელი იყო სახანძრო უსაფრთხოების დაცვაზე

კემეროვოში ხანძრის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს იმ კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელსაც სავაჭრო ცენტრის შენობა ეკუთვნოდა, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს.

გამოძიების ინფორმაციით, კომპანია „კემეროვოს საკონდიტრო კომბინატის“ დირექტორი იულია ბოგდანოვა პასუხისმგებელი იყო სახანძრო უსაფრთხოების დაცვაზე და არაერთხელ მიუღია შერტყობინებები სავაჭრო ცენტრის შენობაში შესაბამისი სისტემის ნაკლოვანებების შესახებ.

იულია ბოგდანოვას სახლსა და ოფისში უკვე ჩატარდა ჩხრეკა, უახლოეს მომავალში მას სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევაში ბრალს წაუყენებენ.

ამასთან, როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კემეროვოს ოლქის სამმართველომ განაცხადა, სავაჭრო ცენტრთან მეხანძრეების მისვლისას ადგილზე არ იმყოფებოდნენ დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაცვა.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა, რასაც, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 41 ბავშვი. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მსხვერპლის რეალურ რაოდენობას მალავს.