მეხანძრე - კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მისულებს დაცვის სამსახური არ დაგვხვედრია
მეხანძრე - კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მისულებს დაცვის სამსახური არ დაგვხვედრია

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მისულ მეხანძრეებს დაცვის სამსახური არ დახვედრია. როგორც BBC-ს სახანძრო ბრიგადის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა, პროტოკოლის მიხედვით, როგორც დაცვის სამსახური, ასევე სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო იქ მისულ მაშველებს დახვედროდნენ.

მეხანძრე იხსენებს, რომ მათი მისვლის დროს,  ყველა ავარიული გასასვლელი ჩაკეტილი იყო და ცენტრიდან გამოსვლას ბევრი ამის გამო ვერ შეძლებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მისვლისთანავე დავიწყეთ ევაკუაცია, არავინ დაგვხვდა ვისაც შეეძლო ეთქვა, იყვნენ თუ არა შენობაში ადამიანები, ან რამდენის ევაკუაცია იყო საჭირო“, – უთხრა BBC-ს მეხანძრემ.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის საქმეზე, რომელსაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. მათი წინასასამართლო სხდომა ოთხშაბათს გაიმართა. ცენტრის დირექტორს, ნადეჟდა სუდენოკს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სუდენოკს ბრალად დაუდევრობა ედება.

რუსული მედია კი წერს, რომ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი დიდი ალბათობით განზრახ გააჩინეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი საბავშვო გასართობ კომპლექსში, პოროლონის კუბებით სავსე, მშრალ აუზში გაჩნდა.

„სავარაუდოდ ხანძრის მიზეზი გარედან ღია ცეცხლის წყაროს შეტანა გახდა“, – მედიასაშუალებების ცნობით, აღნიშნული მოწმეების ჩვენებებითაც დასტურდება.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარს, რომელიც 25 მარტს გაჩნდა, ოფიციალური მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 41 ბავშვია.