კარლ ჰარცელი - მოსამართლეების შერჩევის წესები და კრიტერიუმები ნათელი, გამჭვირვალე და სანდო უნდა იყოს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, სხვა საელჩოებთან და ორგანიზაციებთან ერთად, სასამართლო რეფორმას ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.
მისი თქმით, წესები და კრიტერიუმები, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს, ნათელი და გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ჩვენ სხვა საელჩოებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო რეფორმას. მიგვაჩნია, რომ წესები და კრიტერიუმები, რომელიც უნდა შემუშავდეს, ნათელი, გამჭვირვალე და სანდო უნდა იყოს. ეს აუცილებელია ქართული მართლმსაჯულებისთვის. აუცილებელია, რათა მართლმსაჯულების მიმართ იყოს ნდობა, არამარტო საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, არამედ ინვესტორების თვალშიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
რაც შეეხება ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, ელჩი მისი შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ინიციატივის მიზანი გასაგებია.
„ჩემთვის გასაგებია, რატომ გამოვიდა დეპუტატი ეკა ბესელია ინიციატივით. თუმცა მე არა ვარ ის ადამიანი, რომელმაც ეს უნდა შეაფასოს. ჩემი მხრივ გასაგებია, მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო. მთელი ეს მცდელობა ამით არის განპირობებული“, – განუცხადა კარლ ჰარცელმა მედიის წარმომადგენლებს.
საქართველოს პარლამენტის ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადეს. ცვლილებების გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.