კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. „შავ სიაში“ ერთი იურიდიული და 34 ფიზიკური პირი მოხვდა, რომლებსაც კანადის მთავრობის აზრით, კავშირი აქვთ უკრაინაში კრემლის ომის შესახებ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებასთან.

როგორც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წლების განმავლობაში მიისწრაფოდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მედიისა და მარიონეტების გამოყენებით, რომლებიც იმეორებენ პუტინის ანტიისტორიულ თეზისებს და ცრუ სამართლებრივ პრეტენზიებს.

„რუსეთის რეჟიმის ომი დამოკიდებულია ტყუილსა და სიცრუეზე. ის აჩუმებს და აპატიმრებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებმაც სიმართლის თქმა გაბედეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადიმირ მედინსკის, ასევე მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვს, ვლადიმირ მაშკოვს, დმიტრი პევცოვს. კანადის „შავ სიაში“ მოხვდა თინა კანდელაკი, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „ტეენტეს“ დირექტორის მოვალეობებს ასრულებს, ასევე, სიაში მოხვდნენ ტელეკომპანია „რასიას“ ჟურნალისტები, გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი, „როსნეფტის“ პრესმდივანი მიხაილ ლეონტიევი. შეზღუდვები შეეხო რუსეთის თავდაცვის უწყების ტელეარხს „ზვეზდას“.