გია ვოლსკი - „შავი სია“ არის დაშინების მცდელობა და მეთოდი, რითაც 2012 წლამდე ქვეყანა იმართებოდა
გია ვოლსკი - „შავი სია“ არის დაშინების მცდელობა და მეთოდი, რითაც 2012 წლამდე ქვეყანა იმართებოდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ ე.წ. შავი სიის შედგენა ერთგვარი მუქარაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც კანონს დაიცავს და კანონდამრღვევების მიმართ სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დადგება.

მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ოპოზიციას „შავი სიის“ რეალიზების მექანიზმი ჰქონდა.

„ბევრი მეთოდი გაცვდა, დაუძველდათ. ახლა ახალი თემა შემოიტანეს, რომელიც განახლებული ძველი თემაა პრინციპში – შავი სიის თემა. ეს არის მუქარა. ყველას ვინც კანონს დაიცავს და კანონის დამრღვევების მიმართ სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დადგება, ეს იქნება მოსამართლე, რომელიც კანონს იცავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებს იცავს, მათ მიმართ მუქარა, რომ თქვენ მოხვდებით „შავ სიაში“. „შავი სიის“ რეალიზების მექანიზმები მათ ჰქონდათ და ფაქტებიც სახეზეა, მაგრამ ეგ დრო ჩაბარდა წარსულს. ასე რომ, აღნიშნული ბაქიბუქობა, დაშინების მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ მედიაში მეტი კითხვები დაისვას, „შავ სიაზე“ მეტი ვილაპარაკოთ და ახლა ამას დაარქვეს სანქციები, თუმცა ეს ლუსტრაცია უკვე მომხდარია და ვერაფერი შემოაბრუნებს“, – განაცხდა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ეს არის მეთოდი, რომლითაც 2012 წლამდე ქვეყანა იმართებოდა.

„ეს არის დაშინების მცდელობა, ეს არის მეთოდი, რითაც მართავდნენ ქვეყანას 2012 წლამდე და მადლობა ღმერთს, ეს მექანიზმები დღეს ხელში არ აქვთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.