აშშ-მა სიკვდილით დასჯილი ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარის საქმის მოსამართლეს სანქციები დაუწესა
აშშ-მა სიკვდილით დასჯილი ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარის საქმის მოსამართლეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რამდენიმე ირანელ მაღალჩინოსანს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, „შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს შორის მოსამართლეა, რომელსაც ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანასთან აქვს კავშირი. საუბარია შირაზის სასამართლოს მოსამართლეზე, მოჰამედ სოლთანიზე, რომელიც არსებული ინფორმაციით, იხილავდა ნავიდ აფკარის საქმეს.

„აშშ პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ, ვინც უარყოფს თავისუფლებასა და სამართლიანობას ირანის მოსახლეობისთვის. დღეს, მოგვიანებით აშშ გამოაცხადებს სანქციებს რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსნისა და დაწესებულების წინააღმდეგ, მათ შორის მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც ნავიდ აფკარს სიკვდილი მიუსაჯა“, – განაცხადა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელიოტ აბრამსმა.

სანქციები დაუწესდა ასევე ადელ აბადის ციხეს, სადაც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, მოჭიდავე სავარაუდოდ აწამეს. „შავ სიაში“ მოხვდა ვაქილაბადის ციხეც, სადაც დააპატიმრეს აშშ-ის მოქალაქე მაიკ უაითი.

ცნობილი ირანელი მოჭიდავის, ნავიდ აფკარის სასიკვდილო განაჩენი შირაზის ციხეში 12 სექტემებერს აღასრულეს. 27 წლის სპორტსმენი 2018 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სხვა ბრალდებებთან ერთად, ის საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლის მკვლელობასა და უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სპორტსმენს აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს ასევე ნავიდ აფკარის ორ ძმას.