კალმარების დედობრივი თავგანწირვა — როგორ დაატარებს დედა კალმარი ათასობით კვერცხს [ვიდეო] #1tvმეცნიერება
კალმარების დედობრივი თავგანწირვა — როგორ დაატარებს დედა კალმარი ათასობით კვერცხს [ვიდეო] #1tvმეცნიერება

ახალი ვიდეო შავთვალა კალმარის წარმოუდგენლად თავგანწირულ დედობრივ ძალას ასახავს — ცხოველი ოკეანეში მრავალი თვის განმავლობაში დაატარებს ათასობით საკუთარ კვერცხს, ისე, რომ გზად არცერთს არ ტოვებს და ამასობაში არც რაიმეს ჭამს.

„დატვირთული კალმარი სწრაფად ვერ ცურავს და შეიძლება წყლის ძუძუმწოვართა ადვილი ლუკმა გახდეს“, — წერს შმიდტის ოკეანის ინსტიტუტი, რომელმაც ვიდეო კოსტა-რიკის სანაპიროზე გადაიღო.

სხვა უმეტესი კალმარისგან განსხვავებით, შავთვალა კალმარი (Gonatus onyx) გამორჩეულად დიდია, აქვს თეთრზოლიანი შავი თვალები და წარმოადგენს კალმარის ორიდან ერთ სახეობას, რომლებიც დადების შემდეგ საკუთარ კვერცხებზე ზრუნავენ. ამის ფასი კი ძალიან მაღალია.

დედა კალმარს მილის ფორმის მემბრანაში გახვეული დაახლოებით 2000 – 3000 კვერცხი აქვს მიკრული. მემბრანა ორივე დაბოლოებაზეა გახსნილი. კალმარი საცეცებს ნაზად შლის და კეცავს, რათა კვერცხის ამ მასას ჟანგბადის მწირად შემცველი წყალი ჩამორეცხოს.


კვერცხის განვითარების პერიოდი დაახლოებით 6 – 9 თვეა, საშინლად დიდი დრო დედისთვის საკვების გარეშე.

როდესაც სხვა ცხოველთან შეხვედრის საფრთხეა, კალმარი კვერცხებს სწრაფად ქაჩავს თავისკენ, რათა დაიცვას, მაგრამ კვერცხების მომწიფებისას, ის უკვე დასუსტებულია და შესაბამისად, სულ უფრო უჭირს უსაფრთხოდ გაქცევა.

„მკლავების აგრესიული მოძრაობა და ცურვით გაქცევა უფრო მომწიფებული კვერცხების მასის ნაწილობრივ დეზინტეგრაციას და ასე დაცვენილი კვერცხების გამოჩეკვას იწვევს“, — წერდნენ 2005 წელს სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრები, რომლებმაც წყალქვეშა აპარატზე კალმარის რეაქცია აღწერეს.

კალმარი

მკვლევრები ასევე დააკვირდნენ კუნთებისა და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლის თანდათანობით დასუსტებას გონატიდ კალმარებში. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კვერცხების ტარების ამდენი თვის განმავლობაში, ისინი მართლაც მხოლოდ საკუთარი ენერგიის მარაგებზე არიან დამოკიდებული.

როგორც წესი, კალმარები მხოლოდ ერთხელ მრავლდებიან და კვერცხების დადებიდან მალევე კვდებიან, თუმცა, მაინც ასწრებენ გამოჩეკილი შთამომავლობის ნახვას.

შავთვალა კალმარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავფეხიანია (ცეფალოპოდი) წყნარ ოკეანეში, იაპონიის სანაპიროდან კალიფორნიამდე, ჩრდილოეთით კი ბერინგის ზღვამდე. პატარა კალმარები სანაპირო წყლებში ნადირობენ, მაგრამ როცა 18 სანტიმეტრს მიაღწევენ, უკვე ღრმა წყალი ურჩევნიათ და ოკეანის სიღრმეში, მუდმივ წყვდიადში ინაცვლებენ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.