კახაბერ საბანაძე - პანკისის ხეობაში ამ ეტაპზე არავინ არ არის დაკავებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არავინ არ არის დაკავებული.
„ამ ეტაპზე არავინ არ არის დაკავებული, მაგრამ ვინც დაარღვია კანონი, რა თქმა უნდა, ის კანონის ფარგლებში აგებს პასუხს“,- განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე შეხვდა. შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.
მანამდე, გიორგი გახარია პანკისი ხეობაში ვითარებას ადგილზე გაეცნო. შს მინისტრის თქმით, სპეცრაზმის საპასუხო რეაქცია გამოიწვია იმან, რაც მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. მინისტრის განცხადებით, ეს დაუშვებელია და რეაგირება იქნება მკაცრი.
პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირების შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.
პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.