კახა კუჭავა - დეპუტატებისა და გარე ექსპერტების ჯგუფმა ინფორმაციის დამუშავებისას ჰაერის დაბინძურების შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა
კახა კუჭავა - დეპუტატებისა და გარე ექსპერტების ჯგუფმა ინფორმაციის დამუშავებისას ჰაერის დაბინძურების შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინა

პარლამენტის დეპუტატებისგან და გარე ექსპერტებისგან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოსახლეობისგან მოწოდებული ინფორმაცია დაამუშავა და შეეცადა, ჰაერის დაბინძურების ყველა წყარო, ყველა მიზეზი ეპოვნა, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ მხოლოდ საწვავთან, ან სამშენებლო მტვერთან დაკავშირებულ პრობლემას არ ვენდობით. ინფორმაციის დამუშავებისას ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი ამოვიდა. მაგალითად, საქართველოში დღემდე ხორციელდება აზბესტის შემცველი ხუნდების შემოტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საცობში პატარა დამუხრუჭებაზეც კი, ჰაერში პირდაპირ იფრქვევა აზბესტის ნაწილაკები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ასეთი ხუნდების შემოტანა აკრძალული უნდა იყოს, მაგრამ შემოტანა მაინც ხდება, რადგან ყველაზე იაფია. ასევე დიდი პრობლემაა უხარისხო, ვადაგასული საბურავები. არის სხვა მიზეზებიც“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, შემდეგ ეტაპზე მოხდება სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისა და იმ ადამიანების მოწვევა, ვინც ჯგუფს რეკომენდაციები და მოსაზრებები გაუგზავნა და ინფორმაციის საბოლოოდ შეკვრის შემდეგ, პარლამენტში დამუშავდება და მიიღება საკანონმდებლო ინიციატივები, შესაბამისი უწყებებისთვის კი, ინსტრუქციები და დირექტივები გაიცემა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ჰაერის დაბინძურება ისეთი პრობლემაა, მისი გადაწყვეტისთვის აქტიური მოქმედებები დღესვე უნდა დაიწყოს, რადგან საკმაოდ დიდი დრო დაიკარგა და შეცდომების დაშვების დრო აღარ არის, რომ შემდგომში მათ გამოსწორებაზე ვიფიქროთ.

„საწვავის ხარისხი ისეთი არ არის, როგორსაც უნდა ველოდოთ. გარდა ამისა, როგორი კარგი ხარისხის საწვავიც არ უნდა შემოიტანო, თუ ავტომობილი გაუმართავია, ცუდი გამონაბოლქვი ყოველთვის იქნება. ასევე, საქართველოში არ გვაქვს საერთაშორისო სერტიფიცირებული ლაბორატორია, მაღალი ტექნოლოგიების ჰაერის სადგურებით კი, მხოლოდ 8 ინგრედიენტი მოწმდება, მაშინ, როცა სტანდარტი 32-ია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა ისე, რომ ერთი მხრივ, შენარჩუნდეს და გაიზარდოს სიმწვანის მაჩვენებელი და შეიზღუდოს ჰაერის დაბინძურება, მეორე მხრივ კი, ბიზნესს ხელი არ შეეშალოს, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რამაც შესაძლოა, რეალური შედეგი მალე მოგვცეს.

„ჰაერის ხარისხზე დიდ გავლენას მათ შორის, ბენზინგასამართ სადგურებში არსებული მდგომარეობა ახდენს. ამიტომ, ამ სადგურებში მაღალი სტანდარტების დანერგვა იგეგმება, რათა მაგალითად, საწვავის ავზის შევსების დროს, ჰაერში ზედმეტი ნაწილაკების გაფრქვევა არ მოხდეს. ასევე, ფაქტორია გაზზე მომუშავე მანქანები. უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევა, რათა ვიცოდეთ, არის თუ არა გაზზე მომუშავე ავტომობილები ჯანმრთელობისთვის მავნებელი. თუ ეს მავნებელია, შესაბამისი ზომების მიღება აუცილებლად მოგვიწევს. ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ერთ-ერთი გამოსავალი ბიოდიზელის საკითხია“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

დატოვე კომენტარი