კახა კუჭავა - ჩვენი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის, ქვეყანა როგორ საარჩევნო სისტემას აირჩევს
კახა კუჭავა - ჩვენი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის, ქვეყანა როგორ საარჩევნო სისტემას აირჩევს

ჩვენს პარტნიორებს აწვდიან ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და საქართველოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია საკმაოდ არის მოდებული, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„თუმცა, ამაზე ძალიან მარტივად ვპასუხობთ – ვპასუხობთ ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომელიც გაგვაჩნია და, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მათზე. რთულია, ამ კუთხით წინასწარ დავგეგმოთ რამე, რადგან არ ვიცი, ხვალ ვინ რას მოიტყუება და შესაბამისად, მომიწევს რეაქტიულად რაღაც ქმედებების განხორციელება. ვაგრძელებთ იმ ჩვეულებრივი გეგმით მოქმედებას, რომელიც გვქონდა და რომელიც საგარეო გუნდის მიერ იყო შემუშავებული“, – განაცხადა კუჭავამ.

ამ განცხადებით დეპუტატმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორია მმართველი გუნდის სტრატეგია და რას გეგმავს „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციის მიმართულებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მისწრაფებაა, საქართველო რაც შეიძლება, მალე გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. 

„ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის მიზანი და ის ადგილი, სადაც უნდა მივიდეთ. ამისთვის გვაქვს არა მხოლოდ გეგმა, არამედ ვახორციელებთ კონკრეტულ ქმედებებს. დელეგაციები თავის საქმეს აკეთებენ. თითოეული ადამიანი, ვინც ამ ურთიერთობაშია ჩართული, ბოლომდე არის მობილიზებული, რომ არა მხოლოდ კომუნიკაციაში ვიყოთ, არამედ საქმე გავაკეთოთ. კომუნიკაცია ერთია და მეორეა რეალური შედეგი; საბოლოო საქმე, რომელსაც მთავრობა აკეთებს და რომლის შედეგადაც აფასებენ ქვეყანას, როგორც წარმატებულს“, – განაცხადა კუჭავამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად არის იმის საფრთხე, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გარკვეული კომუნიკაცია და კონსენსუსი არ შედგა, რომლისკენაც ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას, თუ რა სისტემით ჩატარდება არჩევნები.

„ერთი საკითხია ის, რომ უზრუნველყო დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები, ბოლომდე დაცული იყოს ყველას გამოხატვის უფლება და მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები სრულად პროპორციული იქნება, სრულად მაჟორიტარული თუ შერეული. ეს მაინც უზრუნველსაყოფია და ეს პასუხისმგებლობა აქვს მთავრობას, რომელიც ამ პასუხისმგებლობას იღებს და დარწმუნებული ვარ, კარგადაც შეასრულებს. მოვა არჩევნები და ვნახავთ, რამდენად მაღალი სტანდარტებით ჩატარდება. ეს ყოველწლიურად უმჯობესდებოდა და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულად კარგი შედეგები გვექნება, მაგრამ მეორე საკითხია, რა სისტემას ავირჩევთ. ზაფხულის მოვლენები რომ არ ყოფილიყო, საერთოდ ხომ არ დადგებოდა საკითხი, რომ პროპორციული სისტემა 2024-დან 2020 წელს გადმოსულიყო?! ანუ, იმავე სისტემით გავაგრძელებდით და მივიდოდით 2020-ში, როგორც კონსტიტუციაში იყო ჩაწერილი. თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ ვერ შევძელით პროპორციულის ვადის 2024 წლიდან 2020 წელს გადმოტანა“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები გამოთქვამენ მწუხარებას, რომ გაცემული დაპირება არ შესრულდა, მაგრამ მათ განცხადებებში არსად წერია, თუ რატომ არ აქვს საქართველოს პროპორციული სისტემა.

„ისინი პირდაპირ ამბობენ და ჩვენთვისაც უთქვამთ, რომ მათი გადასაწყვეტი არ არის, ქვეყანა როგორ საარჩევნო სისტემას აირჩევს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.