კახა კოჟორიძე - ნიკა მელიას საქმეს სამართლებრივ პროცესს ვერ ვუწოდებ
მე, იურისტი, ნიკა მელიას საქმეს სამართლებრივ პროცესს ვერ ვუწოდებ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, კახა კოჟორიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ანტიკურ პერიოდში ითქვა, რომ თუ რამე სამართალს აუკუღმართებს, ეს არის შერჩევითობა და როდესაც შენ ერთი ადამიანის, ოპოზიციის ლიდერის საქმეს იძიებ და თვალების დათხრის, ხალხის ცემისა და სისხლის დაღვრის გამო ხელისუფლების ჩინოვნიკთა დარღვევების არც ერთი საქმე ბოლომდე არ მიგყავს, ეს სამართლებრივი პროცესი არ არის“, – განაცხადა კოჟორიძემ.
ამ განცხადებით კახა კოჟორიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ალტერნატივა ჰქონდა ხელისუფლებას და როგორ უნდა მოქცეულიყო იმის შემდეგ, რაც მოხდა, როცა ნიკა მელია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასამართლოს გადაწყვეტილებას ემორჩილებოდა და რაღაც მომენტამდე მისი მხრიდან სამართლებრივ პროცესში მონაწილეობის მზაობა არსებობდა, ხოლო მოგვიანებით, რაღაც პროცესის შემდეგ მან სამაჯური მოიშორა.
მისი თქმით, პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ ბრალდებული მიიმალება, მტკიცებულებას გაანადგურებს და ა.შ.
„მე მაინტერესებს, რითი დაუსაბუთა დეპუტატებს პროკურატურამ, რომ ნიკა მელია მიიმალებოდა, ან მტკიცებულებას გაანადგურებდა? ამის დასაბუთების გარეშე პატიმრობის გამოყენება არ ხდება. ამას კანონი ამბობს. პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ყოველთვის ხდება უდანაშაულო პირისთვის. ამ ეტაპზე, ბრალდებული მელია ხომ იმ საქმეში უდანაშაულოა და იურიდიულად, უდანაშაულო ადამიანს რომ პატიმრობას უფარდებ, ეს დასაბუთება ისეთი მაღალი სტანდარტით უნდა იყოს, რომ ობიექტურ დამკვირვებელს ეჭვი არ შეეპაროს, მოცემულ შემთხვევაში კი, ყველა ობიექტური დამკვირვებელი, სახალხო დამცველი, ენჯეოები და სხვები ამბობენ, რომ პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელი იყო“, – განაცხადა კოჟორიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო წარმომადგენლებთან უნდა გადავამოწმოთ მაშინ, როდესაც არსებობს ინსტანციური განვითარება, კოჟორიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინსტანციურად გასაჩივრება შესაძლებელია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
„ის, რომ დღეს საქართველოში ინსტანციურად გასაჩივრება შესაძლებელია, არაფერს ცვლის. გასაჩივრება „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლიდა და ამ ტიპის პოლიტიკურ საქმეებზე უსამართლობა იქაც რჩებოდა. თქვენ შეკითხვაში რა ლოგიკა იყო, სასამართლო არავინ არ უნდა შეაფასოს? სახალხო დამცველმა, ენჯეომ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა შეეფასოს? ევროპის სასამართლოს სტანდარტს გეუბნებით. სასამართლო არ არის ნაზი ყვავილი, რომელიც კრიტიკის არსებობის პირობებში დაჭკნება. რა თქმა უნდა, სასამართლოც უნდა შევაფასოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლია“, – განაცხადა კოჟორიძემ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ არ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან 2012 წლიდან დღემდე საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის პრეცედენტი იმის დასამტკიცებლად, რომ ქართული სასამართლო მიკერძოებულია, კოჟორიძემ განაცხადა, რომ ალბათ, მიმართავენ და გამოჩნდება.
გადაცემის წამყვანმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვა არც ერთ შემთხვევაში არ უნახავს და ერთ შემთხვევაში, როცა ნახა, მერაბიშვილის სასამართლოზე საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია.