თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულება წარადგინა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ასახავს. ვიდეოში ნიკა მელია აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ რამდენიმესაათიანი ვიდეომასალა ბრალდების მხარემ მხოლოდ ფრაგმენტულად გამოიკვლია და სრული სურათი კონტექსტიდან ამოვარდნილია. მელიას ადვოკატების თქმით, აქციაზე ნიკა მელიას მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ამას კატეგორიულად უარყოფს პროკურორი, რომელიც აცხადებს, რომ გამოიკვლიეს ჩანაწერის ის ნაწილები, რაც უშუალოდ მელიას ეხება და სადაც ის მოქალაქეებს მიმართავდა. მისი მიმართვები კი, ძალადობრივი იყო.

თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრება, რადგან ის მოსამართლის მიერ პროცესიდან გაძევებულია.

„დღეს გამოიკვლიეს იმედიდან გამოთხოვილი ვიდეომასალის მცირე ნაწილი. პროკურატურამ ამოგლეჯილად წუთობრივად გაიარა რაღაც ნაწილები. ამოგლეჯილად გაუშვეს გარკვეული მონაკვეთები, ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა. ეს სიუჟეტები მოსახლეობას ნანახი აქვს და მოვისმინეთ, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად იქცეოდნენ. გააცოცხლეს 20 ივნისის კადრები. ეს მათი სტრატეგიაა რა თანმიმდევრობით განახორციელებენ მტკიცებულებების გამოკვლევას. პროცესები გაგრძელდება კვირაში ერთხელ. კონტექსტიდან ამოგლეჯილად აჩვენეს რამდენიმე წუთი და ერთი ტელეკომპანიიდან გამოთხოვილი მასალით ხაზი გაესვა იმას, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს კონტექსტს. შემდეგი სხდომა 27 მაისს, 12:00 საათზე გაიმარტება“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

პროკურორი ამირან გულუაშვილი ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერი ასახავს ნიკა მელიას გამოსვლას და მოწოდებას პარლამენტში შესვლაზე.

„ეს პროცესი ვიდეოჩანაწერების დემონსტრირებით დაიწყო. ეს ჩანაწერები მელიას ქმედებების ქრონოლოგიას ასახავს. ვიდეოჩანაწერი ასახავს მის გამოსვლას და მოწოდებას პარლამენტში შესვლაზე და ერთსაათიანი ულტიმატუმის განსაზღვრას. ნაჩვენებია მისი მოწოდებები და ხელით ჟესტიკულაცია, რომ მომხდარიყო პარლამენტზე შეტევა და ასახულია მისი ძალადობრივი ქმედებები. მოწოდებები, რომ მოქალაქეები არ დაშლილიყვნენ. ჩანაწერები არის ათეულობით საათის და მათი დეტალური განხილვა შემდგომ სხდომებზე მოხდება. ბუნებრივია, მთლიანი ჩანაწერის გამოკვლევა ერთ სხდომაზე ვერ მოხდებოდა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. საკითხი ნიკანორ მელიას საქმეს ეხება და ის ნაწილი გამოვიკვლიეთ, რომელიც მელიას ეხება“, – აცხადებს პროკურორი ამირან გულუაშვილი.