კახა გვანცელაძე - ვითვალისწინებთ მერის მოთხოვნებს ბაღებში რეგისტრაციის საკითხზე, პერსონალი გაფრთხილებული და მობილიზებულია
ბაღებში ტრადიციულად რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, აქედან გამომდინარე, ეს გახლავთ გამჭვირვალე პროცესი,- ამის შესახებ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა.
გვანცელაძე თბილისი მერის განცხადებას გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, „პროტექციით და ვიღაცის დახმარებით ბავშვების ბაღებში დარეგისტრირება კატეგორიულად მიუღებელია“.
კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის მოთხოვნებს და პერსონალი, მისი თქმით, გაფრთხილებული და მობილიზებულია.
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მაქსიმალურად მიმდინარეობს კონტროლი იმისთვის, რომ რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დაფიქსირდეს.
„ბაღების თემა ზოგადად სენსიტიური. ჩემთვისაც ცნობილია ესეთი ხმები. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება დაუშვებელია ჩვენთვის და ის ჩრდილს აყენებს სააგენტოსაც. ჩვენ ვითვალისწინებთ მერის მოთხოვნებს, პერსონალი გაფრთხილებულია და მობილიზიბულია. ტრადიციულად რეგისტრაცია, მიმდინარეობს ელექტრონულად, აქედან გამომდინარე ეს გახლავთ გამჭვირვალე პროცესი, ასე რომ მნიშვნელოვან პროცესებს არ ველოდებით”,- განაცხადა გვანცელაძემ.
2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 18 ივნისიდან დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათიდან დაიწყება.