კახა კალაძე - არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი, რომ ბავშვები ნაცნობობით დაარეგისტრირონ ბაღში 
კახა კალაძე - არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი, რომ ბავშვები ნაცნობობით დაარეგისტრირონ ბაღში 

ყველა ბავშვი, ჩემიც და სხვისიც, არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროტექციით და ვიღაცის დახმარებით ბავშვების ბაღებში დარეგისტრირება კატეგორიულად მიუღებელია.

„რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა ძალიან ცუდი ხმები მომდის ამასთან დაკავშირებით და მინდა, გავაფრთხილო ყველა – არავინ გაბედოს პროტექცია, რათა ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მინდა, პირდაპირ ვუთხრა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს: არავინ გაბედოს არც სააგენტოში, არც მერიაში პროტექცია. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი და არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ მერიაში ნაცნობობით, დეპუტატის ნაცნობობით, საკრებულოში ნაცნობობით და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება. არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელსაც პატივს ვცემ, ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მეგობარი არ ჰყავს მერიაში, დეპუტატი, მინისტრი და ა.შ. ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, ჩემთვის ყველა ბავშვი, ჩემიც, სხვისიც არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ადამიანებს აქვთ ჩემი იმედი და მე საზოგადოების ამ დამოკიდებულებას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვუფრთხილდები, ამიტომ, არავინ გაბედოს არასწორი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 18 ივნისიდან დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათიდან დაიწყება.